ბოლო 24 საათში ისრაელის მიერ ღაზის სექტორზე მიტანილ იერიშებს 35 პალესტინელი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაიჭრა. დილის საათებში ნუსეირათის ლტოლვილთა ბანაკზე თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვი.
ცხედრები გადაასვენეს ერთ-ერთ საავადმყოფოში, რომლის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ დაღუპულთა შორისაა ორი ბავშვი.

ისრაელი, რომელმაც 18 მარტს განაახლა საბრძოლო მოქმედებები, მთელი ანკლავის მასშტაბით ყოველდღიურად აწარმოებს სახმელეთო და საჰაერო ოპერაციებს.
ღაზის სექტორში არსებული ისედაც მძიმე ჰუმანიტარული ვითარება სულ უფრო მეტად უარესდება.

გაეროში საკვების, სასმელი წყლისა და სამედიცინო მარაგის დეფიციტია. გაეროს წარმომადგენლების თქმით, მარაგი რამდენიმე დღეში ამოიწურება.
მათი მტკიცებით, სავარაუდოდ, დაიხურება საქველმოქმედო სამზარეულოებიც, რომლებიც ღაზის მილიონობით მოსახლისთვის საკვების ერთადერთი წყაროა.
უკვე კვირებია, ისრაელმა აკრძალა ღაზის სექტორში საკვების, სასმელი წყლის, მედიკამენტებისა და სხვა მარაგების შეტანა. ისრაელის მიზანია, „ჰამასი“ აიძულოს, გაათავისუფლოს მძევლები.
ადამიანის უფლებათადამცველი ჯგუფები აცხადებენ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ შიმშილის სამხედრო იარაღად გამოყენება ომის დანაშაულია.