შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის 30 აპრილს ხელი მოეწერა ისტორიულ ეკონომიკურ შეთანხმებას, რომელიც ვაშინგტონს უკრაინის იშვიათ მიწათა ელემენტებზე მისცემს წვდომას საინვესტიციო ფონდის შექმნის სანაცვლოდ.
„პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დაუღალავი შრომის შედეგად, რათა მიაღწიოს გრძელვადიან მშვიდობას, სიამაყით შემიძლია განვაცხადო დღევანდელი ისტორიული ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების შესახებ, რომელიც შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის გაფორმდა. შეთანხმება ითვალისწინებს ამერიკულ-უკრაინული საინვესტიციო ფონდის შექმნას. ეს პარტნიორობა საშუალებას აძლევს შეერთებულ შტატებს, განავითაროს უკრაინის საინვესტიციო გარემო და დაეხმაროს მას ეკონომიკის აღდგენაში“, – ამბობს აშშ-ის ხაზინის მდივანი სკოტ ბესენტი.
უკრაინის მხრიდან შეთანხმებას ხელი მოაწერა ეკონომიკისა და ვაჭრობის განვითარების მინისტრმა იულია სვირიდენკომ. მან სოციალურ პლატფორმა X-ზე გაავრცელა განცხადება და აღნიშნა, რომ საინვესტიციო ფონდი უკრაინაში გლობალურ ინვესტიციებს მიიზიდავს.
Thanks to the leadership and agreements between President Volodymyr Zelenskyy and President Donald Trump, Secretary of the Treasury Scott Bessent and I signed the agreement between Ukraine and the United States to establish the United States–Ukraine Reconstruction Investment… pic.twitter.com/7yf2iqypxL
— Yulia Svyrydenko (@Svyrydenko_Y) May 1, 2025
შეთანხმების პირობების თანახმად, ყველა რესურსი უკრაინის საკუთრებაში რჩება და ის ინარჩუნებს უფლებას, თავად გადაწყვიტოს, სად და რას მოიპოვებენ ამერიკელები. შეთანხმება, აგრეთვე, ავალდებულებს ვაშინგტონს, უკრაინას მეტი ინვესტიციისა და ტექნოლოგიების მოზიდვაში დაეხმაროს, ხოლო ამ ინვესტიციებიდან მიღებული შემოსავლები კი არცერთ ქვეყანაში არ დაიბეგროს, რათა მაქსიმალური მოგება მიიღონ.
მხარეებს შორის შეთანხმებაზე ხელმოწერას შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა.
„ამრიგად, ჩვენ შეთანხმებას მივაღწიეთ და ვვარაუდობ, რომ ისინი ამ შეთანხმების პირობებს შეასრულებენ. ეს საქმე სკოტ ბესენტს მივანდვე და მან ის შესანიშნავად შეასრულა, მაგრამ ჯერ ამ შეთანხმების შედეგები არ გვინახავს. ვეჭვობ, ვნახავთ, ვნახავთ“, – ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
დოკუმენტის თანახმად, მხარეები ასევე თანხმდებიან, რომ კიევს შეერთებული შტატების მიმართ ფინანსური ვალდებულება არ აქვს. ეს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინისგან ასობით მილიარდი დოლარის უკვე მიწოდებული დახმარების ანაზღაურებას მოითხოვდა.
