ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ამერიკულ-უკრაინული რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის დაფუძნების შესახებ. ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დაადასტურეს როგორც აშშ-ის სახელმწიფო ხაზინის დეპარტამენტმა, ასევე უკრაინის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ.
შეთანხმება ითვალისწინებს ერთობლივი ფონდის ფორმირებას, ორი ქვეყნის ეკონომიკური პარტნიორობა კი, როგორც ხაზგასმულია აშშ-ს ხაზინის განცხადებაში, „საშუალებას მისცემს ორ ქვეყანას, ითანამშრომლონ და ერთობლივად განახორციელონ ინვესტიციები, რათა საერთო აქტივებმა, ტალანტებმა და შესაძლებლობებმა დააჩქაროს უკრაინის ეკონომიკის აღდგენა“.
„ეს შეთანხმება ცხადად უჩვენებს რუსეთს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია სამშვიდობო პროცესის ერთგულია, რომლის ამოსავალი წერტილიც თავისუფალი, სუვერენული და გრძელვადიან პერსპექტივაში აყვავებული უკრაინაა. და ყველასთვის ცხადი რომ იყოს: არც ერთ სახელმწიფოს ან პირს, ვინც აფინანსებდა, ან აღჭურავდა რუსულ სამხედრო მანქანას, არ მიეცემა უფლება, მიიღოს რაიმე სარგებელი უკრაინის აღდგენის პროცესში“, – განაცხადა აშშ-ს ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა.
Thanks to @POTUS @realDonaldTrump’s tireless efforts to secure a lasting peace, I am glad to announce the signing of today’s historic economic partnership agreement between the United States and Ukraine establishing the United States-Ukraine Reconstruction Investment Fund to help… pic.twitter.com/N1jPa35DYh
— Treasury Secretary Scott Bessent (@SecScottBessent) April 30, 2025
უკრაინის ეკონომიკის მინისტრის, იულია სვირიდენკოს განცხადებით, შეთანხმების მიხედვით, უკრაინის ტერიტორიაზე არსებული ყველა რესურსი კვლავაც უკრაინის სახელმწიფოს საკუთრებასა და მართვა-გამგებლობაში დარჩება, ახალ ფონდს მხარეები პარიტეტულ საწყისებზე უხელმძღვანელებენ, აშშ დაეხმარება ფონდს ინვესტიციებისა და ტექნოლოგიების მოზიდვაში და, მაღალი ალბათობით, საქმიანობის პირველი 10 წლის განმავლობაში ფონდის შემოსავლები ისევ ახალ პროექტებსა და უკრაინის აღდგენის ღონისძიებებზე მიიმართება.
On behalf of the Government of Ukraine, I signed the Agreement on the Establishment of a United States–Ukraine Reconstruction Investment Fund.
Together with the United States, we are creating the Fund that will attract global investment into our country. pic.twitter.com/8ryyAMqW83
— Yulia Svyrydenko (@Svyrydenko_Y) April 30, 2025
არსებული შეთანხმებით, მხარეებმა მაქსიმალურად სწრაფად უნდა დაასრულონ ყველა აუცილებელი სამუშაო საიმისოდ, რომ ამერიკულ-უკრაინული რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდი უმოკლეს ვადებში დაფუძნდეს და ამოქმედდეს.
