მთავარიამერიკააშშ„ჯერ ყველაფერი არ გინახავთ” - დონალდ ტრამპის 100 დღე

„ჯერ ყველაფერი არ გინახავთ” – დონალდ ტრამპის 100 დღე

ომის დამთავრება ჯერ ვერ მოასწრო, თუმცა 100 დღით კმაყოფილია. აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე დონალდ ტრამპი პირველ საეტაპო თარიღს უკვე მეორე ვადით, მეორედ აჯამებს. მოკრძალებული არც ამჯერად ყოფილა.

“რაც მსოფლიომ ბოლო 14 კვირაში იხილა, საღი აზრის რევოლუციაა. არ აქვს მნიშვნელობა კონსერვატორი ხარ თუ ლიბერალი – ეს ასეა. ესაა ყველაზე წარმატებული 100 დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რომელიც რომელიმე ადმინისტრაციას ჰქონია. და ეს მხოლოდ დასაწყისია, ოქროს ხანა ახლა იწყება. ჩვენ არასოდეს დავნებდებით, ყველაფერი ჯერ არ გინახავთ”, – აღნიშნა მიჩიგანში სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა. 

რაც ნახეს საკმარისია, იმის სათქმელად, რომ აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა მსოფლიო პოლიტიკაში თამაშის წესები შეცვალა და ახალი, უფრო ხისტი სტილი დაამკვიდრა.

ბევრს სწორედ ამის გამო უყვარს, ბევრსაც პირიქით. ნეიტრალური ამ 100 დღეში ცოტა თუ დატოვა.

ფედერალური სააგენტოების შეკვეცით, დათხოვნილი კადრებით, გაჩერებული საგარეო პროექტებითა თუ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან დაწყებული სასამართლო დავებით დონალდ ტრამპმა ქვეყნის შიგნითაც ბევრი გააბრაზა.

განსაკუთრებით კი მასობრივი დეპორტაციით, რომელშიც ბევრი უდანაშაულო მოხვდა. ბოლო გამოკითხვებით დონალდ ტრამპის რეიტინგმა მნიშვნელოვნად იკლო და 10 გამოკითხულიდან მხოლოდ 4-ის მხარდაჭერა აქვს.

ეს არ ეხებათ ტრამპის უცვლელ მხარდამჭერებს, რომელსაც სჯერათ, რომ პრეზიდენტის მიერ გადადგმული ყველა ეს ნაბიჯი ქვეყნის უსაფრთხოებაზე და მათ ჯიბეზე აისახება.

მიყვარს თუ როგორ ებრძვის „დიფ სთეითს,“ კრიმინალს და თუ როგორ ცდილობს,  გამოააშკარაოს სიბნელე. უბრალოდ ვისურვებდი, რომ მეტი სიყვარული და თავმდაბლობა ეჩვენებინა”, – აღნიშნავს ტრამპის მხარდამჭერი დენის ჰანთი.

“ე.წ. დოჯმა მთავრობის ხარჯების შეკვეცაზე იმუშავა, რათა სახელმწიფო ვალი არ გაიზარდოს. მადლობელი ვართ პრეზიდენტის ეკონომიკური პოლიტიკის. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკასა და ადამიანების სიკვდილს, ამ საკითხზე ვფიქრობ მეტი ფოკუსირება მართებთ, უნდა გაიაზრონ ის გავლენა რასაც მსოფლიოზე ახდენენ. განსაკუთრებით ეს  ახლო აღმოსავლეთს ეხებაა”,- ამბობს სხვა ტრამპის ამომრჩეველი ფეია ნემერი.

ღაზის სექტორიდან ისრაელელი ტყვეების დაბრუნების პირობა დონალდ ტრამპმა შეასრულა, თუმცა ათწლეულების კონფლიქტის დასრულებაში ჯერჯერობით წვლილი ვერ შეიტანა.

სულ ბოლოს მან ღაზაში ინვესტირება და ახალი ოაზისის მშენებლობა დააანონსა, თუმცა ამ იდეას რეგიონში დიდი ენთუზიაზმით არ შეხვედრიან, რადგან მასში პალესტინელების ინტერესი ვერ დაინახეს.

მთავარი კონფლიქტი დონალდ ტრამპისთვის გლობუსის სხვა მხარესაა. ხმამაღალი განცხადებების მიუხედავად, რუსული აგრესიის დასრულება იქ ტრამპმა ვერც 24 საათში მოახერხა და ჩანს რომ ვერც 100 დღეში.

გახმაურებული ზარი ვლადიმერ პუტინთან, სკანდალური დიალოგი ვოლოდიმირ ზელენსკისთან და სამშვიდობო მოლაპარაკებების დატოვების მუქარა – ჯერ ისევ მიმდინარე პროცესებია.

სწორედ ამიტომაა, რომ მიჩიგანში შეკრებილ ამომრჩეველთან ყურადღება პრეზიდენტმა კვლავ საშინაო პოლიტიკაზე გააკეთა.

საგარეო ხაზით მხოლოდ იმ ომებს დაუთმო დრო, რომელიც თითქმის მთელ მსოფლიოს, ტარიფებით გამოუცხადა, შემდეგ კი ის 90 დღით გადაავადა. ევროპის, ამერიკისა და აზიის ბევრი სახელმწიფოსგან განსხვავებით გადავადება მხოლოდ აშშ-ის მთავარ გეოპოლიტიკურ მეტოქეს,ჩინეთს არ შეეხო.

“თქვენი პრეზიდენტის სანახავად მთელი მსოფლიოდან მოდიან. ინდოეთიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან. დიახ ჩინეთიდანაც  – სურთ გაგვირიგდნენ და ჩვენც ვურიგდებით, თუმცა შეგვიძლია ეს არც გავაკეთოთ. ამასთან, ჩვენ ვამთავრებთ კოშმარულ ინფლაციას, ვცლით ჩვენს მთავრობას „უოუკიზმისა“ და ტრანსგენდერული სიგიჟეებისგან. ვაჩერებთ ჩვენი შვილების ინდოქტრინაციას. ჩვენ გადავარჩენთ ამერიკულ ოცნებას. ჩვენ დავუბრუნებთ ამერიკას ძველებურ სიდიადეს”, – უთხრა დონალდ ტრამპმა ამომრჩევლებს.

ბოლო 100 დღეში დონალდ  ტრამპმა მოასწრო და მექსიკის ყურეს ამერიკის ყურე გადაარქვა, დაძაბა ურთიერთობები კანადასთან, რომლისგანაც დღემდე მოითხოვს აშშ-ის 51-ე შტატი გახდეს. გრენლანდიაზე გამოთქმული ტერიტორიული პრეტენზიებით კი დანიაც გაანაწყენა და თავად გრენლანდიელებიც.

და ეს მხოლოდ ნაწილია იმ გამოწვევებიდან, რომელიც ბოლო 100 დღეში მსოფლიოს დონალდ ტრამპის მოსვლით დაუდგა. და ეს მხოლოდ დასაწყისია – წინ მინიმუმ 4 წელი და უთვალავი ამბიციაა, რომელზეც ხშირად თვითონაც ხუმრობს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend