უკვე 60 დღეა, ისრაელის მიერ დაწესებული ბლოკადის გამო ღაზის სექტორში საკვები, საწვავი, წამლები და სხვა საჭირო ნივთები არ შესულა.
ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს საკვების მარაგები ეწურებათ, ბაზრები თითქმის ცარიელია. ოჯახები ცდილობენ, იპოვონ გზები, რომ როგორმე პატარები გამოკვებონ.
დაახლოებით 2.3 მილიონი პალესტინელი ღაზაში ახლა ძირითადად კონსერვირებული ბოსტნეულით, ბრინჯით, მაკარონითა და ოსპით იკვებება.
ცოცხალი ხორცი, რძის პროდუქტები და ხილი გამქრალია. პური და კვერცხი იშვიათად მოიპოვება, ხოლო იმ მცირე რაოდენობის ბოსტნეულსა თუ სხვა პროდუქტებზე, რომლებიც ბაზარზეა დარჩენილი, ფასები მკვეთრად არის გაზრდილი და უმეტესობისთვის ხელმიუწვდომელია.
„ეს საქველმოქმედო ორგანიზაცია კარს უღებს იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენთან შორი მანძილიდან მოდიან. ისინი აქ დილიდან მოდიან ერთი კერძის მისაღებად. დღეს მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა. ჩვენი საკვები რაციონი რამდენიმე კერძით, მაკარონით, ოსპითა და ბრინჯით შემოიფარგლება“, – ამბობს ჰანი აბუ ქასიმი, რაფაჰის საქველმოქმედო სამზარეულოს წარმომადგენელი.
საქველმოქმედო სამზარეულოები, რომლებიც ყოველდღიურად ასიათასობით ცხელ კერძს ამზადებენ, ახლა ერთადერთი ალტერნატივაა ბაზარში საკვების შეძენის ნაცვლად. დანარჩენი ჰუმანიტარული კვების პროგრამები მარტის შემდეგ შეჩერებულია.
თუმცა, ამ სამზარეულოებსაც დახურვა ემუქრებათ. პარასკევს, 25 აპრილს, გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამამ (WFP) განაცხადა, რომ მათ მიერ მხარდაჭერილ 47 სამზარეულოს ბოლო მარაგები უკვე გადასცეს და რამდენიმე დღეში ისინი ვეღარ შეძლებენ კვების უზრუნველყოფას.
WFP has fully depleted its food stocks in #Gaza.
Today, the last supplies were delivered to hot meal kitchens — Gaza’s only steady source of food for weeks. These kitchens will run out of ingredients in the coming days.
Read full statement.🔗https://t.co/OQCpJQcMfg pic.twitter.com/QaXY5CsbHx
— World Food Programme (@WFP) April 25, 2025
მშობლები ღელავენ, რომ ბავშვებს ერთფეროვანი კვება აქვთ და მათთვის არ არის ხელმისაწვდომი ცილები, რძის პროდუქტი და ხილი.
ექიმები მშობლებს აფრთხილებენ, რომ არასათანადო კვება ბავშვთა ჯანმრთელობას შეუქცევადად დააზიანებს.
გაერომ მარტში აღრიცხა 3,700 ბავშვი, რომლებიც არასათანადო კვებისგან გამოწვეული პრობლემებით იტანჯებიან — ეს რიცხვი წინა თვესთან შედარებით 80%-ით გაზრდილია.
ისრაელმა ბლოკადა 2 მარტს დააწესა, 18 მარტს კი ორთვიანი ზავი დაარღვია და სამხედრო ოპერაციები განაახლა.
ისრაელი ამბობს, რომ ეს ორივე ნაბიჯი მიმართულია იმისთვის, რომ „ჰამასზე” ზეწოლა მოახდინონ ტყვეების გათავისუფლების მოთხოვნით.
ადამიანის უფლებათა ჯგუფები ამ ბლოკადას „შიმშილის ტაქტიკას“ უწოდებენ, რაც მთელ მოსახლეობას უქმნის საფრთხეს და პოტენციურ სამხედრო დანაშაულს წარმოადგენს.