უნგრეთისა და სლოვაკეთის პოპულისტი პრემიერ-მინისტრები, ვიქტორ ორბანი და რობერტ ფიცო ერთმანეთს გუშინ სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში შეხვდნენ.
ორმხრივი ხელშეკრულებების ხელმოწერის პარალელურად, ლიდერებმა მედიასთან უკრაინაში რუსეთის ომზე ისაუბრეს.
მათ ასევე გააკრიტიკეს ევროკავშირი. რობერტ ფიცომ თქვა, ომ დასავლეთი საქართველოსა და სერბეთში “მაიდანს აწყობს”
„საერთოდ არაა ლამაზი სანახავი ის, თუ როგორ ჩუმად ვართ მოვლენებზე, რომლებიც ვითარდება სერბეთსა და საქართველოში, სადაც დასავლეთი ლეგიტიმური ხელისუფლებების წინააღმდეგ მაიდანს აწყობს. ამრიგად, ძალიან სამართლიანად ვსვამთ საკითხებს, რომლებიც ევროკავშირის ფუნქციონირებასა და მომავალს ეხება“, – ამბობს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო.
რობერტ ფიცოს სულისკვეთება გაიზიარა ვიქტორ ორბანმაც. მან შეაქო შეერთებული შტატები “სამშვიდობო ინიციატივებისთვის” და ევროკავშირი გააკრიტიკა.
“მინდა გავიმეორო ის, რაც თქვა პრემიერ-მინისტრმა ფიცომ. ჩვენი მიზანია ევროპაში აშშ-ის სამშვიდობო ინიციატივებს მივესალმოთ. თავად ის ფაქტი, რომ რუსულ-ამერიკული მოლაპარაკებები მიმდინარეობს, უკვე ქმნის საფუძველს ვთქვათ, რომ ომის ესკალაციის რისკი არსებითად აღმოფხვრილია. რუსულ-ამერიკული მოლაპარაკებების დროს ესკალაციის რისკი დაბალია. დარწმუნებული ვარ, რომ ბრძოლის ველზე ომის საკითხი ვერ გადაიჭრება“, – ამბობს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი.
ვიქტორ ორბანი, რომელსაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მეგობრული ურთიერთობები აქვს, ევროკავშირში კრემლის უახლოესი პარტნიორია.
ის მუდმივად ეწინააღმდეგება უკრაინისთვის სამხედრო-ფინანსური დახმარების გაწევას და მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დაბლოკვით იმუქრება.
ევროკავშირში კრემლის პარტნიორად მიიჩნევა ასევე სლოვაკეთის პრემიერი რობერტ ფიცოც.
2023 წელს ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მან უკრაინისთვის სამხედრო დახმარება შეაჩერა.
ორივე ქვეყნის ლიდერი უკრაინის ნატოში გაწევრების აქტიური მოწინააღმდეგეა.
აგრეთვე, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი 9 მაისს მოსკოვში აღლუმს დაესწრება.