მთავარიევროპაუკრაინაკიევში მიაჩნიათ, რომ თუ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტა ნამდვილად სურს, მაშინ ეს დაუყოვნებლივ...

კიევში მიაჩნიათ, რომ თუ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტა ნამდვილად სურს, მაშინ ეს დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს

რუსეთის გადაწყვეტილებას ცეცხლის 72 საათით შეწყვეტის შესახებ სკეპტიკურად უყურებენ კიევში.

მეორე მსოფლიო ომში ნაცისტური გერმანიის დამარცხებიდან 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით რუსეთმა უკრაინასთან 72-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა.

ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება  8 მაისს, ღამის 00:00 საათზე ამოქმედდება და 11 მაისის 00:00-ამდე გაგრძელდება. ამასთან, კრემლში დაადასტურეს, რომ მზად არიან, უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებები წინაპირობების გარეშე გამართონ.

თუმცა უკრაინაში მიაჩნიათ, რომ თუ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტა ნამდვილად სურს, მაშინ ის დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და არ არსებობს მიზეზი, რომ მხარეებმა 8 მაისამდე დაიცადონ.

„ჩვენ პუტინის არც ერთ სიტყვას არ ვენდობით. დაიცავენ თუ არა ისინი ზავის პირობებს, არ ვიცი, ვნახოთ, ამას დრო გვიჩვენებს. რა თქმა უნდა, გვინდა, ომი ჩვენთვის ხელსაყრელი პირობებით დასრულდეს, სამართლიანი პირობებით“, – ამბობს ადვოკატი ნაზარ ლუცენკო.

რუსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის არ სჯერა სტუდენტ ოლექსანდრა სერპილოვსაც. მისი აზრით ვლადიმერ პუტინი 8 მაისს ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივას მანიპულაციისთვის იყენებს.

„ვფიქრობ, ეს არის ვლადიმერ პუტინის მორიგი მცდელობა, ამერიკის შეერთებული შტატები მოლაპარაკებების მაგიდასთან დატოვოს. ტრამპი კვლავ ცდილობს, მოლაპარაკებების გზით რუსეთი რაიმე სახის ზავამდე მიიყვანოს. ის კვლავ იმედოვნებს, რომ ეს შესაძლებელია. თუმცა ტრამპი ნელ-ნელა აცნობიერებს, რომ შესაძლოა რუსეთი მოლაპარაკებებისა და მშვიდობისთვის მზად არ არის. შემდეგ პუტინმა აღდგომაზე ზავი გამოაცხადა. ვფიქრობ, რომ ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, ტრამპს იმედი მიეცეს, რომ რაიმე სახის მოლაპარაკება შესაძლებელია“, – ამბობს ოლექსანდრა სერპილოვსა.

უკრაინის არმიის 156-ე ბრიგადის ჯარისკაცს მიაჩნია, რომ საჰაერო იერიშები ორი დღის განმავლობაში შემცირდება, თუმცა რუსეთი სამხედრო მოქმედებებს მაინც გააგრძელებს.

„ვფიქრობ, ამ ორი დღის განმავლობაში ისეთი სასტიკი იერიშები არ იქნება, როგორსაც აქ ყოველ საღამოს ვხედავთ. თუმცა ბრძოლა, ასე თუ ისე, მაინც წარიმართება და ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ახალი ძალები და მარაგი განალაგოს ფრონტის ხაზზე. ეს არ არის ზავი. ეს არ მოხდება. ჩვენ სამ წელზე მეტია ვიბრძვით და ახლა ორდღიან ზავზე ვსაუბრობთ? ეს სასაცილოა. ამას დიდ ყურადღებას არც ვაქცევ. ცეცხლი სრულად არ შეწყდება და ყველაფერი ისე გაგრძელდება, როგორც აქამდე იყო“, – ამბობს 156-ე ბრიგადის ჯარისკაცი.

რუსეთის გადაწყვეტილებას ცეცხლის 72 საათით შეწყვეტის შესახებ გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტიც. ვოლოდიმირ ზელენსკი ცეცხლის, სულ მცირე, 30-დღიან შეწყვეტას ითხოვს.

„უკრაინაში ჩვენ, ომი არც ერთი წამით არ გვინდოდა. ჯერ კიდევ 11 მარტს ჩვენ  დადებითად შევხვდით ამერიკის წინადადებას ცეცხლის სრულად შეწყვეტის შესახებ. ჩვენ რუსეთს შევთავაზეთ, იერიშები მინიმუმ სამოქალაქო ობიექტებზე მაინც შეჩერებულიყო და აღდგომის დღესასწაულისას მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ოცდაათი დღით გახანგრძლივებულიყო. ჩვენთვის ფასეული ადამიანის სიცოცხლეა და არა – აღლუმები.

სწორედ ამიტომ მიმაჩნია, მსოფლიოსაც მიაჩნია, რომ არ არსებობს მიზეზი, დავიცადოთ 8 მაისამდე. ცეცხლი უნდა შეწყდეს არა მხოლოდ რამდენიმე დღით, მხოლოდ იმისთვის, რომ შემდეგ ხელახლა დაიწყოს მკვლელობები, არამედ დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ.  სულ მცირე, 30 დღით მაინც, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი სანდოობა. ეს არის ის, რამაც შესაძლოა, რეალური დიპლომატიისთვის  შექმნას საფუძველი“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, უკრაინა 11 მარტიდანაა მზად ცეცხლის შეწყვეტისთვის, თუმცა რუსეთი მუდმივად უარყოფდა ყველა შეთავაზებას და ცდილობდა აშშ-ისა და დანარჩენი ქვეყნების მოტყუებას.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:14

შიმშილი ღაზაში

spot_imgspot_img
Send this to a friend