კატეგორიები

ვიქტორ იანუკოვიჩის კიდევ ერთი განაჩენი

ვიქტორ იანუკოვიჩის კიდევ ერთი განაჩენი

კიევის რაიონულმა სასამართლომ უკრაინის მეოთხე პრეზიდენტს, ვიქტორ იანუკოვიჩს, „დეზერტირობის წაქეზებისა და საზღვარზე პირთა უკანონო გადაყვანის ორგანიზებისთვის“ 15-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა.

ქვეყნის ექსპრეზიდენტთან ერთად 10-წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელსაც.

უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებით, გამოძიებამ სასამართლოში დაამტკიცა, რომ ვიქტორ იანუკოვიჩი უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსსა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან შეთანხმებით მოქმედებდა.

უწყების ცნობით, 2014 წლის 23 თებერვალს, მათ უკანონოდ გადაკვეთეს უკრაინის სახელმწიფო საზღვარი საჰაერო გზით, სამი რუსული სამხედრო ვერტმფრენით და ორგანიზება გაუწიეს, სულ მცირე, 20 პირისა და სახელმწიფო დაცვის სამსახურის სამხედრო პერსონალის გადაყვანას. უკრაინის საგამოძიებო უწყება აცხადებს, რომ საქმე განიხილებოდა სპეციალური სასამართლო წარმოების წესით – დაუსწრებლად, რადგან ბრალდებულები მართლმსაჯულებას ემალებიან.

ვიქტორ იანუკოვიჩისთვის ეს უკვე მეორე სასჯელია. 2019 წლის იანვარში უკრაინის ექსპრეზიდენტს სახელმწიფო ღალატსა და აგრესიული ომის წარმოების ხელშეწყობაში დასდეს ბრალი და 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

2013 წლის ნოემბერში ვიქტორ იანუკოვიჩის მთავრობამ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის პროცესი შეაჩერა, რასაც მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. მოგვიანებით ამ მოვლენებს „ღირსების რევოლუცია“ ეწოდა. საზოგადოებრივი უკმაყოფილების გამო 2014 წლის თებერვალში მას უკრაინის იძულებით დატოვება მოუწია.

ვიქტორ იანუკოვიჩი უკრაინის პრეზიდენტის თანამდებობას 2010 წლის 25 თებერვლიდან 2014 წლის 22 თებერვლამდე იკავებდა.

Related news
უკრაინის საკითხზე ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ხელშესახები შედეგის გარეშე დასრულდა კიევში უპასუხეს რუსეთის ბრალდებებს უკრაინისთვის ბირთვული არსენალის გადაცემის შესახებ
სხვა ამბები