მას შემდეგ, რაც პუტინს რუსეთის არმიის გენერალური შტაბის უფროსმა გერასიმოვმა კურსკის უკრაინელებისგან გათავისუფლების შესახებ მოახსენა, მალევე კრემლმა ვიდეოკადრებიც გაავრცელა.
როგორც რუსეთის პროპაგანდისტულ მედიაში ამტკიცებენ, კრემლის არმიამ გათავისუფლებული ტერიტორიების ნაღმებისგან გაწმენდაც დაიწყო. მოსკოვში ასევე აღიარეს, რომ კურსკში რუსული არმიის მხარდამხარ ჩრდილოკორეელი სამხედროებიც იბრძოდნენ.
მოსკოვი და ფხენიანი ჯარისკაცების მიმართ სამადლობელ და საქებარ სიტყვებს არ იშურებდნენ. 28 აპრილს ვლადიმერ პუტინმა გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც ჩრდილოეთ კორეის შენაერთებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ „კორეელ გმირებს“ არასდროს დაივიწყებენ. თავად ფხენიანში კი გეგმავენ, მონუმენტი აღმართონ იმ ჩრდილოკორეელი ჯარისკაცების პატივსაცემად, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომში დაიხოცნენ.
NEW: Russian Chief of the General Staff Army General Valery Gerasimov claimed on April 26 that Russian forces pushed all Ukrainian forces from Kursk Oblast.
Ukraine’s August 2024 incursion into Kursk Oblast successfully pinned some Russian combat power, including elite airborne… pic.twitter.com/vxnrnuMBPN
— Institute for the Study of War (@TheStudyofWar) April 27, 2025
თუმცა უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკიდან გამოსვლას უარყოფენ. უკრაინის სპეციალური ოპერაციების სამსახურმა განცხადება გაავრცელა: „მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის გენშტაბის უფროსი გერასიმოვი უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალებისგან კურსკის ოლქის ვითომ გათავისუფლების შესახებ იუწყება, უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალები ამ ტერიტორიებზე სამხედრო ამოცანების შესრულებას აგრძელებენ. გასულ დღეს სპეციალური ოპერაციების ცენტრის ჯგუფმა მოწინააღმდეგის 810-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადის სამხედროთა მთელი ჯგუფი გაანადგურა“.
„ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” მიერ მომზადებულ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ კრემლის არმიამ კურსკის მიმართულებით რამდენიმე წარმატებული ოპერაცია განახორციელა. თუმცა ამავე ანგარიშში, რუსი სამხედრო მიმომხილველების ინფორმაციაზე დაყრდნობით, აღნიშნულია, რომ უკრაინელებმა რამდენიმე ფლანგზე მოიგერიეს რუსეთის შეტევა. 27 აპრილის ღამეს კიევმა კურსკის ოლქში დრონებითაც მიიტანა იერიში. ამას რუსეთის თავდაცვის უწყებაც ადასტურებს. თუმცა დასძენს, რომ დარტყმის მთავარი მიმართულება არა კურსკი, არამედ ბრიანსკის ოლქი იყო.
„27 აპრილიდან 28 აპრილის ღამის 4 საათამდე შუალედში თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 115 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი. მათგან 102 დრონი ბრიანსკის ოლქში. 9 დრონი – ყირიმში, 2-2 დრონი – კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში“, – აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.
კრემლი არ საუბრობს ზარალის შესახებ, თუმცა სამხედრო ბლოგებზე გავრცელდა არაერთი ვიდეომასალა და ცნობა, რომ ბრიანსკის ოლქში უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს მიკროელექტრონიკის ქარხანა, სადაც რუსული არმიისთვის სხვადასხვა სისტემა მზადდებოდა.