აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალ ქსელში წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შესაძლებლობა აქვს, „აირჩიოს მშვიდობა ან კიდევ სამი წელი იბრძოლოს და საბოლოოდ დაკარგოს მთელი ქვეყანა.“
„უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი The Wall Street Journal-ის პირველ გვერდზე ტრაბახობს, რომ “უკრაინა არ აღიარებს ყირიმის ოკუპაციას და რომ აქ სალაპარაკო არაფერია” – ეს განცხადება ძალიან საზიანოა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, რადგან ყირიმი წლების წინ, ბარაკ ჰუსეინ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში დაიკარგა, და დღეს ეს საკითხი აღარც კი განიხილება. არავინ მოითხოვს ზელენსკისგან, რომ ყირიმი რუსეთის ტერიტორიად აღიაროს, მაგრამ თუ მას ყირიმი ნამდვილად სურს, რატომ არ იბრძოლა მის დასაბრუნებლად თერთმეტი წლის წინ, როდესაც ის რუსეთს ბრძოლის გარეშე ჩაბარდა?”, – წერს დონალდ ტრამპი.
ამერიკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება, რომ ის ყირიმის ოკუპაციას არ აღიარებს, მხოლოდ გაახანგრძლივებს ადამიანების მკვლელობას. დონალდ ტრამპის თქმით, იგი მზადაა, დაეხმაროს უკრაინას და რუსეთს ტოტალური ქაოსის დასრულებაში რომელიც, როგორც თავადვე ხშირად აცხადებს, მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში არასოდეს დაიწყებოდა.