კატეგორიები

რას გულისხმობს ტრამპის სამშვიდობო გეგმა?

რას გულისხმობს ტრამპის სამშვიდობო გეგმა?

მარკო რუბიომ ლონდონში ჩასვლა გადაიფიქრა. დღეს დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის პირველ დიპლომატებთან ერთად ამერიკელი და უკრაინელი საგარეო საქმეთა მინისტრები უნდა შეხვედრილიყვნენ. დონალდ ტრამპის „სამშვიდობო გეგმის” ირგვლივ არსებული შეუთანხმებლობის გამო დისკუსიების რანგი შეიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ს მხოლოდ დიპლომატი კიტ კელოგი წარმოადგენს. ლონდონში აღარ ჩადის დონალდ ტრამპის მრჩეველი სტივენ ვიტკოფიც, რომელსაც მიმდინარე კვირას მოსკოვში ვიზიტი აქვს დაგეგმილი. შეხვედრა მედიისთვის დახურულ ფორმატში წარიმართება. უცნობია, ვინ იქნება წარმოდგენილი ტექნიკურ შეხვედრაზე უკრაინის მხრიდან. მანამდე დაანონსებულ დელეგაციაში უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი საგარეო და თავდაცვის მინისტრებთან ერთად უნდა ჩასულიყო.

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინისა და რუსეთის საკითხებში კიტ კელოგი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე, კიევი, უკრაინა, 20 თებერვალი, 2025 წელი Copyright AP Photo/Evgeniy Maloletka

ლონდონში შეხვედრის მთავარი თემა დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმაა. კონფიდენციალური დოკუმენტი უკრაინულ მხარეს ამერიკელებმა პარიზში შეხვედრისას გადასცეს. ბრიტანული გამოცემა Daily Mail წერს, რომ გეგმა რუსეთს მეტ დათმობას, უკრაინისთვის კი ნაკლებ გარანტიებს სთავაზობს.

კერძოდ, ჯერ დაუდასტურებელი ინფორმაციით, ერთგვერდიანი გეგმა პირველ რიგში დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტასა და რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებას გულისხმობს. ამასთან, მასში გაწერილია უკრაინის მხრიდან ნატოს წევრობაზე უარი, თუმცა ევროკავშირში მისი გაწევრიანების შესაძლებლობები.

გამოცემის ინფორმაციით, ტერიტორიული ნაწილი ითვალისწინებს აშშ-ის მხრიდან ანექსირებული ყირიმის რუსეთის ტერიტორიად ცნობას, მიტაცებული ტერიტორიების სხვა ნაწილი კი კიევის კონტროლის ქვეშ დაბრუნებას. დოკუმენტში ასევე გათვალისწინებულია ზაპოროჟიის ატომურ სადგურზე შეერთებული შტატების კონტროლის დამყარება, მინერალების შეთანხმება და რუსეთისთვის სანქციების მოხსნა.

ცნობილია, რომ თავად უკრაინული მხარე შეხვედრაზე 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობაზე სასაუბროდ ჩადის და არა ტრამპის გეგმაზე.

„უკრაინა ყირიმის ოკუპაციას კანონიერად არასოდეს ცნობს. აქ არაფერია სასაუბრო. ეს ჩვენს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. ეს ჩვენი ტერიტორიაა, ის უკრაინელ ხალხს ეკუთვნის. ეს არ მოხდება. იგივე სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზეც გვითქვამს. ამას ვამბობ, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი. დიდ ბრიტანეთში შეხვედრაზე ჩვენს გუნდს აქვს მანდატი, განიხილოს ცეცხლის შეწყვეტა ან ნაწილობრივი ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობა. ჩვენ ამ ეტაპისთვის მზად ვართ. მზად ვართ ასევე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დოკუმენტირებისთვის, მზად ვართ მოლაპარაკებების ფორმატისთვის”, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე.

დასავლურ მედიაში განიხილება, რომ მარკო რუბიოს მიერ გაუქმებული ფრენა სწორედ ამ განცხადებას უკავშირდება.

Related news
მშვიდობის სურვილი და ომის მუქარა – დონალდ ტრამპის გამოსვლა კონგრესში ლიკვიდირებულია პირი, რომელმაც დონალდ ტრამპის ფლორიდას რეზიდენციაში შეაღწია
სხვა ამბები