გავლენიანი დასავლური გამოცემები დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით დამატებით დეტალებს აქვეყნებენ.
Daily Telegraph-ის ცნობით, კონფიდენციალური დოკუმენტი უკრაინულ მხარეს ამერიკელებმა პარიზში შეხვედრისას გადასცეს. გეგმა რუსეთს მეტ სარგებელს, უკრაინას კი ნაკლებ გარანტიებს სთავაზობს.
კერძოდ, ჯერ დაუდასტურებელი ინფორმაციით, ერთგვერდიანი გეგმა პირველ რიგში დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტასა და რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებას გულისხმობს.
ამასთან, მასში გაწერილია უკრაინის მხრიდან ნატოს წევრობაზე უარი, თუმცა ხაზგასმულია ევროკავშირში მისი გაწევრების შესაძლებლობა.
ტერიტორიული ნაწილი კი გამოცემის ინფორმაციით ითვალისწინებს აშშ-ის მხრიდან ანექსირებული ყირიმის რუსეთის ტერიტორიად ცნობას, კონფლიქტის გაყინვას და მიტაცებული ტერიტორიების დე-ფაქტო სტატუსის გამოცხადებას.
გეგმის მიხედვით, ტერიტორიებს ნაწილი კიევის კონტროლქვეშ დაბრუნებასაც ითვალისწინებს, თუმცა არაა დაკონკრეტებული ის, თუ რა ტერიტორიებზეა საუბარი.
დოკუმენტში გათვალისწინებულია ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე ამერიკის კონტროლის დამყარება, საუბარია მინერალების შეთანხმებაზე და რუსეთისთვის სანქციების მოხსნაზე.
უკრაინული მხარე დონალდ ტრამპის გეგმას ეწინააღმდეგება და საკუთარ გეგმას სთავაზობს, რომლის მიხედვითაც ტერიტორიებზე საუბარი მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგაა შესაძლებელი.
თუმცა საუბარი ვერ შედგება ყირიმის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობად აღიარებაზე, რადგან ეს ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის კონსტიტუციასა და ხალხის ნებას ეწინააღმდეგება.