პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების შემდეგ კარდინალები 22 აპრილს ვატიკანის სინოდის დარბაზში შეიკრიბნენ და საჭირო გადაწყვეტილებები მიიღეს — კათოლიკური ეკლესიის მეთაურს შაბათს, 26 აპრილს, დაკრძალავენ. მსურველებს კი მისთვის პატივის მიგების საშუალება ოთხშაბათიდან, 23 აპრილიდან, ექნებათ. სწორედ 23 აპრილს დაასვენებენ პაპს წმინდა პეტრეს ბაზილიკაში.
პაპის დაკრძალვის ცერემონია შაბათს ადგილობრივი დროით დილის 10 საათზე ჩანიშნეს. კრებას კარდინალთა კოლეგიის დეკანი, კარდინალი ჯოვანი ბატისტა რე უძღვებოდა.
ვატიკანის განცხადებით, შეხვედრაში მონაწილეობა 60-ზე მეტმა კარდინალმა მიიღო. მათ კონკლავის თარიღი არ დაუსახელებიათ, თუმცა არსებული რეგლამენტით კარდინალები ახალი პაპის არჩევისთვის 5 მაისამდე არ შეიკრიბებიან.
ამ გარდამავალ პერიოდში ვატიკანის მართვაში კამერლენგოს, კარდინალ კევინ ფარელის დასახმარებლად სამი დღის ვადით სამი კარდინალი შეირჩა. ვადის ამოწურვის შემდეგ ისინი სხვა კარდინალებით ჩანაცვლდებიან, ვიდრე ვატიკანსა და კათოლიკურ ეკლესიას ახალი მეთაური არ ეყოლება.
„ვატიკანმა დღეს დილით განაცხადა, რომ პაპი ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონია შაბათს, რომის დროით დილის 10 საათზე გაიმართება აქ, ჩემ უკან – წმინდა პეტრეს მოედანზე. სავარაუდოდ, დაკრძალვას ათასობით მორწმუნესთან ერთად ბევრი მაღალი რანგის პირი დაესწრება. პაპ ფრანცისკეს ცხედარს ოთხშაბათს გადაასვენებენ ბაზილიკაში, რათა მორწმუნეებმა მისთვის უკანასკნელი პატივის მიგება შეძლონ. დღეს დილით ვატიკანმა პაპი ფრანცისკეს გარდაცვალების შემდეგ მისი პირველი ფოტოები გამოაქვეყნა სანტა მარიას სამლოცველოდან – პაპის რეზიდენციიდან. ის წითელი ლიტურგიული სამოსით იწვა კუბოში და ხელში კრიალოსანი ეჭირა. ირგვლივ მყოფები ლოცულობდნენ და უკანასკნელ პატივს მიაგებდნენ მას. დაკრძალვის შემდეგ გლოვის ცხრა დღე დაიწყება. ამის შემდეგ კარდინალები შეიკრიბებიან კონკლავისათვის, რათა პაპი ფრანცისკეს მემკვიდრე აირჩიონ”, – ამბობს ტრიშა თომასი, The Associated Press-ის კორესპონდენტი.
რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურად 12-წლიანი მსახურების შემდეგ პაპი ფრანცისკე ორშაბათს, 21 აპრილს, 88 წლის ასაკში ინსულტის შედეგად გარდაიცვალა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენიმე თვის წინ გაუარესდა. 14 თებერვალს პაპი ორმაგი პნევმონიის დიაგნოზით გადაიყვანეს საავადმყოფოში, საიდანაც შინ 29 მარტს დაბრუნდა.
პაპი საზოგადოებამ ბოლოს კვირას, 20 მარტს იხილა, როცა იგი წმინდა პეტრე მოედანზე შეკრებილებს უკანასკნელად მიესალმა.
მას შემდეგ, რაც ვატიკანმა პაპის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, წმინდა პეტრეს მოედანზე მისთვის პატივის მისაგებად ათასობით ადამიანი მივიდა.
წინამორბედებისგან განსხვავებით, 266-ე პაპს არა წმინდა პეტრეს, არამედ სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალავენ. ეს მის ღრმა პატივისცემასა და სიყვარულს უკავშირდება ღვთისმშობლის ხატის მიმართ, რომელიც ამ ბაზილიკაშია დაბრძანებული.
