ისტორიის პირველი ლათინოამერიკელი პაპი ფრანცისკე ორშაბათს, 21 აპრილს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ვატიკანში განაცხადეს, რომ რომის პაპის გარდაცვალების მიზეზი იყო ინსულტი, რომელმაც კომა და გულის უკმარისობა გამოიწვია.
პაპ ფრანცისკეს ფილტვების ქრონიკული დაავადება ახალგაზრდობიდან აწუხებდა და მას ერთი ფილტვის ნაწილი არ ჰქონდა. 2025 წლის 14 თებერვალს ის საავადმყოფოში გადაიყვანეს რესპირატორული კრიზისის გამო, რომელიც პნევმონიაში გადაიზარდა.
კათოლიკურ ეკლესიებში არგენტინიდან ფილიპინებამდე პაპის გარდაცვალება მოსახლეობას ზარების რეკვით შეატყობინეს. 21 აპრილის საღამოს ათასობით ადამიანი წმინდა პეტრეს მოედანზე შეიკრიბა და რომის პაპისადმი პატივის მისაგებად ლოცვები აღავლინა.
რომის პაპის გარდაცვალება განსაკუთრებით განიცადეს არგენტინაში, მის მშობლიურ ქალაქში. პაპი ფრანცისკე ცნობილი იყო, როგორც ღარიბი საზოგადოების მეგობარი. ბუენოს-აირესის ცენტრში მდებარე ყველაზე დაბალშემოსავლიან ოცდათერთმეტ უბანში მრევლი შეიკრიბა.
მიუხედავად იმისა, რომ პაპი ფრანცისკე არგენტინელი იყო, ის არგენტინაში 12 წლის განმავლობაში არასდროს ჩასულა, რასაც ბევრის აზრით, პოლიტიკური მიზეზი ჰქონდა.
„როდესაც 2013 წელს პაპი ფრანცისკე აირჩიეს, მისმა მშობლიურმა არგენტინამ ისე იზეიმა, თითქოს მსოფლიო თასი მოეგოთ. თუმცა მომდევნო 12 წლის განმავლობაში ეს მღელვარება მალე იმედგაცრუებასა და დაბნეულობაში გადაიზარდა, რადგან პაპმა ფრანცისკემ მთელ მსოფლიოში იმოგზაურა, სამხრეთ ამერიკაშიც კი, მაგრამ თავის სახლში, არგენტინაში, არასდროს დაბრუნებულა. ექსპერტები ამას რომის პაპ ფრანცისკეს არგენტინის პოლარიზებულ პოლიტიკაში ჩარევის სურვილის არ ქონას უკავშირებენ. როდესაც ფრანცისკე ბუენოს-აირესის არქიეპისკოპოსი იყო, სწორედ იმ ტაძარში, რომელსაც ჩემ უკან ხედავთ, ის სხვადასხვა სოციალურ საკითხზე პროგრესულ მთავრობას ვატიკანის კონსერვატიული პოზიციის გამო დაუპირისპირდა. თუმცა ვერაფერი მოამზადებდა მას დაძაბულობისთვის არგენტინის ულტრამემარჯვენე პრეზიდენტ ხავიერ მილეისთან, რომელმაც თანამდებობაზე მოსვლამდე, 2023 წლის დეკემბერში პაპ ფრანცისკეს „უგუნური“ და „დედამიწაზე ბოროტების წარმომადგენელი“ უწოდა“, – ამბობს „ესოშიეითედ პრესის“ ჟურნალისტი იზაბელ დე ბრე.
რომის პაპის დიდი ფოტოსურათი განათავსეს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარშიც, სადაც მრევლმა მას სანთლები დაუნთო და სურათის წინ განათავსა. ტაძარში ზარები პაპის ასაკის შესაბამისად, 88-ჯერ დაირეკა.
რომის პაპის შესახებ მრევლთან კარდინალებმაც ისაუბრეს და მისი მოღვაწეობის წლები გაიხსენეს. მათი თქმით, პაპი ფრანცისკე იყო პრინციპული ადამიანი, რომელსაც წინააღმდეგობის მიუხედავად გზიდან არასდროს გადაუხვევია.
„ის იყო პაპი, რომელსაც ტალახის სროლის შიშის გამო გზიდან არ გადაუხვევია. მას უყვარდა იმის გამეორება, რომ ერთადერთი შემთხვევა, როცა უფლება გაქვს ადამიანს ზემოდან უყურო მაშინაა, როცა მას ფეხზე დადგომაში ეხმარები. ის დიდ დროს უთმობდა ღარიბებსა და მიგრანტებს. სამყარო, რომელსაც გულგრილობის გლობალიზაცია მართავს, გრძნობს პაპ ფრანცისკეს მდუმარებას. მისი სიტყვა დარჩა ერთადერთ საშუალებად, არ დავნებდეთ მშვიდობის ძიების წარუმატებლობას“, – ამბობს კარდინალი ბალდასარ რეინა.
პაპი ფრანცისკეს გარდაცვალების შემდეგ, ტრადიციის შესაბამისად, მისი სახლის კარი ვატიკანში წითელი ლენტით დალუქეს.
რომის პაპის დაკრძალვის თარიღი ჯერჯერობით უცნობია. უცნობია, აგრეთვე, ისიც თუ როდის აირჩევენ ახალ პაპს. ტრადიციულად, ახალი რომის პაპის არჩევა სიქსტეს კაპელაში ხდება. უფლებამოსილი კარდინალები სასურველ კანდიდატებს ხმას აძლევენ და ეს პროცესი ცნობილია, როგორც „კონკლავი“. წესების თანახმად, ნებისმიერ კათოლიკედ მონათლულ მამაკაცს შეუძლია, რომ რომის პაპი გახდეს, თუმცა 1378 წლის შემდეგ პაპებად მხოლოდ კარდინალებს ირჩევენ.
გამარჯვებულის გამოსავლენად კანდიდატმა ხმათა მინიმუმ ორი მესამედი უნდა მიიღოს.
