აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტი ჰარვარდი ტრამპის ადმინისტრაციას ღიად უპირისპირდება. 21 აპრილს უნივერსიტეტმა ბოსტონის ფედერალურ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რათა შეაჩეროს ფედერალური დაფინანსების, 2.2 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის, გაყინვა.
ფინანსური ბლოკადის მიზეზი ჰარვარდის გადაწყვეტილება გახდა, არ დაემორჩილოს ადმინისტრაციის მოთხოვნებს, რომლებიც მოიცავს სტუდენტური აქტივიზმის შეზღუდვას, უნივერსიტეტის მმართველობისა და მისაღები პოლიტიკის რეფორმას, საერთაშორისო სტუდენტების მიმართ კონტროლის გამკაცრებასა და გარკვეული სტუდენტური კლუბების დისკვალიფიკაციას.
უნივერსიტეტის პრეზიდენტი ალან გარბერი ხაზგასმით აცხადებს, რომ ჰარვარდი არ დაუშვებს მთავრობის ჩარევას აკადემიურ თავისუფლებაში. მისივე თქმით, გრანტების გაყინვა არა მხოლოდ ჰარვარდის კვლევით საქმიანობას აზარალებს, არამედ საფრთხეს უქმნის ამერიკის გრძელვადიან ინტერესებს მეცნიერების, უსაფრთხოებისა და ინოვაციების სფეროში.
„დღეს ჩვენ ვიცავთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც ამერიკული უმაღლესი განათლება მსოფლიო შუქურად აქცია“, — ნათქვამია გარბერის ღია წერილში.
ტრამპის ადმინისტრაცია კი თავის მხრივ ამტკიცებს, რომ უნივერსიტეტებში „იდეოლოგიური უკიდურესობები” მომრავლდა და საჭირო გახდა ახალი წესების დაწესება. ამავე მოთხოვნების ფარგლებში ჰარვარდს მოუწოდეს აუდიტი ჩაეტარებინა პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა პოლიტიკურ შეხედულებებზე, რაც უნივერსიტეტმა „აკადემიური თავისუფლების შეზღუდვად “ შეაფასა.
ამ დაპირისპირებამ კიდევ უფრო გაამძაფრა დაძაბულობა ფედერალურ მთავრობასა და აკადემიურ დაწესებულებებს შორის. ექსპერტები თვლიან, რომ საქმე ეხება არა მხოლოდ ერთ უნივერსიტეტს, არამედ მთლიანად იმ პრინციპებს, რომლებზეც ამერიკის უმაღლესი განათლება დგას.
უმაღლესი განათლების ამერიკულმა საბჭომ და სიტყვის თავისუფლების დაცვის არაერთმა ორგანიზაციამ მხარი დაუჭირა ჰარვარდს. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს არის პრეცედენტული საქმე, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოს ძალაუფლების საზღვრებს აკადემიურ სივრცეში.
