სააღდგომო ზავის ამოწურვა უკრაინელებმა რუსული იერიშებით იგრძნეს. მან სულ 30 საათი გასტანა. დღევანდელი სამიზნე ოდესა, ხარკივი და ზაპოროჟიე იყო. ბოლო 24 საათში ამ მიმართულებით გაშვებულ დრონებს მსხვერპლი მოჰყვა, ათობით ადამიანი დაშავდა. ამ ფონზე ვლადიმერ პუტინი ჯერ ისევ ფიქრობს, მიიღოს თუ არა ვოლოდიმირ ზელენსკის შეთავაზება სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდაუსხმელობის შესახებ. კრემლი კვლავ ბუნდოვან ნიუანსებზე აპელირებს.
„თუ ჩვენ სამოქალაქო ობიექტებზე ვსაუბრობთ, მკაფიოდ უნდა განისაზღვროს, თუ როდის შეიძლება ეს ობიექტები ჩაითვალონ სამხედრო სამიზნეებად და რა შემთხვევაში არა. ნიუანსები განსახილველია, თუმცა ამ მხრივ არ არსებობს კონკრეტული გეგმა. ჯერ უნდა გავიგოთ ის, მზად არის თუ არა ამისათვის თავად უკრაინული მხარე. პრეზიდენტი პუტინი მზად არის, განიხილოს ეს საკითხი იმ გამოცდილების ანალიზზე დაყრდნობით, რომელიც სააღდგომო ზავის ფარგლებში ვიხილეთ. ამასთან, უკრაინული მხარის სურვილისა და ღიაობის შემთხვევაში, ალბათ, უნდა გადაიდგას გარკვეული ნაბიჯები, რათა იურიდიულად გაიწმინდოს დაბრკოლებები, რომლებიც სამომავლო კონტაქტებისთვის წინაღობად რჩება. თავად პრეზიდენტმა პუტინმა არაერთხელ გაუსვა ხაზი მზაობას მოლაპარაკეებისთვის”, – კრემლის სპიკერი დიმიტრი პესკოვი.
მოსკოვსა და კიევს დიდი ყურადღებით აკვირდება აშშ-ის პრეზიდენტი, რომელმაც გასულ კვირას ორივე მხარეს მიანიშნა, რომ თუ უახლოეს დღეებში შედეგს ვერ დაინახავს, სამშვიდობო მოლაპარაკებებს დატოვებს. განიხილება, რომ ვლადიმერ პუტინის მიერ სააღდგომოდ გამოცხადებული ზავი სწორედ ამ მუქარით იყო ნაკარნახევი და დონალდ ტრამპის კეთილგანწყობაზე გათვლილ ნაბიჯს წარმოადგენდა. თუმცა უკრაინის პრეზიდენტის აზრით, სამშვიდობო პროცესში გაცილებით მეტის მიღწევაა შესაძლებელი, რუსეთს ამის ნება რომ ჰქონდეს.
„უკრაინა ძალაში ტოვებს შეთავაზებას, რომ არ დაარტყან სულ მცირე სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ჩვენ ველოდებით მკაფიო პასუხს მოსკოვისგან. მზად ვართ, ნებისმიერი სახის მოლაპარაკებისთვის იმის შესახებ, თუ როგორ მივაღწიოთ ამას. არსებობს ძალიან ნათელი, მარტივი და საიმედო გზა, რომ შეწყდეს ჭურვებითა და შორი მოქმედების დრონებით დარტყმა, რაც ავტომატურად მოგვცემს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების გარანტიას. რეალური და ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს პირველი ნაბიჯი გარანტირებული მშვიდობისთვის”, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
24 აპრილს ვოლოდიმირ ზელენსკის გუნდს ლონდონში ელოდებიან. პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრი ერმაკი საგარეო და თავდაცვის მინისტრებთან ერთად ლონდონში ჩავა. იგივე გეზი აქვს მარკო რუბიოსა და მის უცვლელ გუნდს სტივ ვიტკოფსა და კიტ კელოგთან ერთად. მასპინძელ ბრიტანელებთან ერთად შეხვედრას დაესწრებიან გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები. განხილვის თემა ის კონფიდენციალური დოკუმენტია, რომელიც დონალდ ტრამპმის გუნდმა გასულ კვირას ზელენსკის გუნდს პარიზში გადასცა. დასავლური მედიის ცნობით, უკრაინისთვის მასში ნატოზე უარი, ყირიმის აღიარება და ზაპოროჟიის ატომურ სადგურზე აშშ-ის კონტროლია გაწერილი. ასეთი შეთანხმება მისაღებად არცერთი მხარისთვის არ გამოიყურება, თუმცა მიუხედავად ამისა ტრამპი ელის, რომ მიმდინარე კვირას ხელშესახებ შედეგს მიაღწევს.
„ვიმედოვნებ, რომ ამ კვირაში რუსეთი და უკრაინა შეთანხმებას მიაღწევენ. ამის შემდეგ კი ორივე ქვეყანა დაიწყებს დიდი ბიზნესის კეთებას აშშ-სთან, რომელიც ყვავის და მდიდრდება”, – დაწერა დონალდ ტრამპმა The Truth Social-ზე.
აშშ-ის პრეზიდენტის პოზიტიური მოლოდინის მიუხედავად, რუსეთი უკრაინას ინტენსიურად უტევს. სააღდგომო ზავმაც ურთიერთბრალდებების რეჟიმში ჩაიარა, თუმცა ომის დაწყების შემდეგ ამგვარი პრეცედენტი არ ყოფილა. მიმდინარე კვირას აქცენტი დიპლომატიაზე იქნება. უკვე ჩანიშნულია დონალდ ტრამპის მრჩევლის, სტივენ ვიტკოფის, ვიზიტი რუსეთში. მას მოსკოვში მიმდინარე კვირას ელიან.
