დავით დოიაშვილის „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში და მის მიღმა.
მის გათავისუფლებას ეხმაურება რეჟისორი და თეატრალური უნივერსიტეტის გამგეობის წევრი, ანდრო ენუქიძე, რომელმაც სოლიდარობა გამოუცხადა მას: „თავის დროზე ბათუმის თეატრიდან წასვლა რომ მომიწია, დოი ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, დახმარების მეგობრული ხელი რომ გამომიწოდა. ვემადლიერები და არა მარტო მაგიტომ. ბევრი უზომოდ საინტერესო სპექტაკლი რომ დადგა იმიტომაც. თუნდაც, ბათუმის თეატრში“.
ის აცხადებს, რომ არ მიაჩნია დოის ვასო აბაშიძის თეატრიდან მოკვეთა სწორ გადაწყვეტილებად. „ეს ცუდი ფაქტია, თანაც დაპირისპირებაში ჩართული უკლებლივ ყველა მხარისთვის”, – წერს ის სოციალურ ქსელში.
„სამეფო უბნის თეატრი“ სოლიდარობას უცხადებს დავით დოიაშვილს. მათი მხარდამჭერი განცხადება ფეისბუკზე გამოქვეყნდა.
„ჩვენი სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა „ახალი თეატრის“ თითოეულ წევრსა და ყველა მამაც ხელოვანს საქართველოში, ვინც იბრძვის გამოხატვის თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის ჩვენს ქვეყანაში.
მისი გათავისუფლება არის თავდასხმა, როგორც წარმატებულ თეატრალურ პროცესზე, ისე თავდასხმა გამოხატვისა და შემოქმედებით თავისუფლებაზე“,- ვკითხულობთ სამეფო უბნის თეატრის განცხადებაში.
სოციალურ ქსელში დავით დოიაშვილის გათავისუფლებას გამოეხმაურა კულტურის კომიტეტის ხელმძღვანელი გიორგი გაბუნიაც.
„როდესაც სახელმწიფო საბიუჯეტო ორგანიზაციის სახელით აკეთებ პირად პოზიციებზე დაფუძნებულ პოლიტიკურ განცხადებებს, ამავე დროს მიზანმიმართულად უკეთებ პარალიზებას თეატრს და თვეების მანძილზე არ ასრულებ დებულებით გათვალისწინებულ უმთავრეს ფუნქციას და არ ემსახურები ხელოვნებას, იმას, რისთვისაც სახელმწიფო გაფინანსებს, ბუნებრივია და ლოგიკურია, რომ შენი ადგილი ვერ იქნება იქ, სადაც იყავი.
და ასევე! თეატრი, მუზეუმი, ანსამბლი თუ სხვა კულტურის ორგანიზაციები არის და უნდა იყოს სრულად დისტანცირებული პოლიტიკური პროცესებისგან, მაგრამ როდესაც ხარ კონკრეტული პარტიის პოლიტიკური აქტივისტი და ამ პარტიული მიზნების მიღწევაში ჩართული გყავს სახელმწიფო საბიუჯეტო კულტურის ორგანიზაცია და მისი რესურსები, ამას საერთო არაფერი აქვს აზრისა და გამოხატვის თავისუფლებასა და მით უმეტეს ხელოვნებასთან”, – წერს გაბუნია.
