უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ, 15 აპრილს, ჟურნალისტებთან საუბრისას შეერთებულ შტატებთან წიაღისეულის შეთანხმებაზე მუშაობის მიმდინარეობა დადებითად შეაფასა.
ქალაქ ოდესაში ნატოს გენერალურ მდივანთან გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მეტი დეტალის გაზიარებას ის მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ მოახერხებს.
„აშშ-სთან მოლაპარაკებები შედგა, პოზიტიური იყო. ეს იყო ტექნიკური გუნდების შეხვედრა როგორც პირისპირ, აგრეთვე, ონლაინ და ის ამ კვირაში გაგრძელდება. ამ კონსულტაციების შემდეგ, როცა გუნდები მზად იქნებიან, ვფიქრობ გავიგებთ, თუ რაზე იმუშავეს. ამ დროისთვის მხარეებს შორის შეხვედრა პოზიტიური იყო“, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის, განცხადებას. მან გააკრიტიკა უიტკოფის განცხადება იმის თაობაზე, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმება შესაძლოა ე.წ. „ხუთი ტერიტორიის“ დათმობას მოიცავდეს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე დისკუსია არ განიხილება.
„უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა და ყველა ტერიტორია უკრაინას ეკუთვნის. მხოლოდ უკრაინელ ხალხს შეუძლია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიებზე ისაუბროს. ჩვენთვის უკრაინული ტერიტორიების რუსულ ტერიტორიებად გამოცხადება მიუღებელია. მოლაპარაკებებში წარმომადგენლები განიხილავენ ისეთ საკითხებს, რომლებიც მათი კომპეტენცია არაა“, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნატო უკრაინის მტკიცე და ურყევი მხარდამჭერია.