რუსეთმა ფინეთის საზღვრის გასწვრივ ახალი სამხედრო ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყო. ფინეთის არმიის ოფიციალურმა პირებმა ეს ნაბიჯი ნატოს ალიანსის ერთიანობის გამოცდის მიზანმიმართულ მცდელობად შეაფასეს.
ფინეთის თავდაცვის უფროსმა მოადგილემ, გენერალ-ლეიტენანტმა ვეზა ვირტანენმა გააკრიტიკა რუსეთის ქმედებები და აღნიშნა, რომ კრემლი მიზანმიმართულად ცდის და ამოწმებს ნატოს ალიანსის ერთიანობას, რათა დააკვირდეს, რამდენად შეუძლია იმოქმედოს ისე, რომ ნატოს მე-5 მუხლის, კოლექტიური თავდაცვის მექანიზმის, ამოქმედება თავიდან აიცილოს. მისი თქმით, სწორედ ამის მაგალითია ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა საზღვართან, რაც რუსული ჯარების განლაგებას ისახავს მიზნად.
ფინეთის არმიის მაღალჩინოსანმა ასევე განმარტა, რომ რუსეთი თავისი სამხედრო ძალების რეორგანიზაციას ახდენს და შესაძლებელია, რომ მომავალში რეგიონში განთავსდეს 4-დან 5 დივიზიამდე, არმიის კორპუსი და დამხმარე ქვედანაყოფები. აღსანიშნავია, რომ რუსეთის მხრიდან ეს ნაბიჯი მოჰყვა ფინეთის ოფიციალურ გაწევრებას ნატოში 2023 წლის 4 აპრილს, რამაც ალიანსის საზღვარი რუსეთთან 1300 კილომეტრზე მეტით გააფართოვა.
