აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა თემი ბრიუსმა გუშინ, 15 აპრილს, დაადასტურა, რომ შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ბირთვული მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი შაბათ-კვირას, 19-20 აპრილს, გაიმართება, თუმცა თემი ბრიუსს შეხვედრის ადგილი არ დაუზუსტებია.
მოლაპარაკების მორიგი რაუნდის შესახებ ინფორმაცია ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმაც დაადასტურა. მისი თქმით, არც „ზედმეტად ოპტიმისტურად ან პესიმისტურადაა განწყობილი“.
„ჩვენ არც ზედმეტად ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, არც ზედმეტად პესიმისტურად. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან პესიმისტურად ვუყურებთ მეორე მხარეს. ვიცით, ვისთან გვაქვს საქმე, მათ არ ვენდობით. თუმცა ოპტიმისტურად ვართ ჩვენი შესაძლებლობების მიმართ“, – ამბობს ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი.
მას შემდეგ, რაც ირანმა თავისი სწრაფად განვითარებადი ბირთვული პროგრამის შესახებ განაცხადა, შეერთებული შტატები ირანისგან ბირთვულ შეთანხმებას ითხოვს.
ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მომავალი მოლაპარაკებები ურანის გამდიდრებასა და იარაღის შემოწმებას შეეხება.
„ეს იქნება მოლაპარაკება გამდიდრების პროგრამის შემოწმებისა და საბოლოოდ იარაღის გადამოწმების შესახებ. ეს მოიცავს რაკეტებს, რაკეტების ტიპს, რომლებიც მათ მოაგროვეს, აგრეთვე, ბომბების საცავებს“, – ამბობს ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი.
სტივ უიტკოფმა შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, სიტყვები გაიმეორა და განაცხადა, რომ თუ ირანთან მოლაპარაკება არ იქნება პოზიტიური, მაშინ ვაშინგტონს „ალტერნატივების ძიება მოუწევს“.