ბუნება იღვიძებს! უკვე აპრილია, უფრო თბილი საღამოებია. ასეთი სასიამოვნოა 2025 წლის კულტურული კალენდარიც.
კანის კინოფესტივალმა გასულ კვირას 2025 წლის ფილმების სია გამოაქვეყნა. მათ შორისაა ჟულია დიუკურნოს „ალფა“, არი ასტერის „ედინგტონი“, უეს ანდერსონის „ფინიკიური სქემა“ და ტომ კრუზის Mission: Impossible – The Final Reckoning.
არის სხვა სიახლეებიც. ლონდონის ეროვნული გალერეა ერთ იღბლიან გამარჯვებულს ღამის გასათევად იწვევს. უახლესმა კვლევამ ევროპის მუსიკალური დედაქალაქები გამოავლინა. პარიზში კი უეს ანდერსონის გამოფენა შესანიშნავი საშუალებაა, მოემზადოთ, სანამ რეჟისორის მომდევნო ნამუშევარი გამოვა.
გამოფენები
გაზაფხულს იმაზე უკეთ ვერაფერი ასახავს, როგორც დევიდ ჰოკნის, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მხატვრის, ფერადი კუბიზმი. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა, უფრო ახლოს გაიცნოთ და შეიგრძნოთ მისი შემოქმედების აბსოლუტური სიდიადე. მხატვრის 400-ზე მეტი ნამუშევარი პარიზში, ლუი ვიტონის, ფონდშია გამოფენილი. „ეს გამოფენა ძალიან ბევრს ნიშნავს, რადგან ეს არის ყველაზე დიდი გამოფენა, რაც კი ოდესმე მქონია”, – განუცხადა 87 წლის მხატვარმა პრესას. „ზოგიერთი უახლესი ნახატი, რომლებზეც ახლა ვმუშაობ, გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი და, ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი იქნება”. გამოფენა 9 აპრილიდან 31 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.
ბრიტანელი დიზაინერის, უილიამ მორისის, ქსოვილზე დატანილი ფოტოები, ფარდები, ჩანთები და ფეხსაცმელები ლონდონში, მისივე სახელობის გალერეაშია გამოფენილი. ეს ნივთები დამთვალიერებლებში აღძრავს ინგლისური სოფლის რომანტიზმის განცდას. აქ წარმოდგენილი ნამუშევრებით კარგად ჩანს, რა გავლენა ჰქონდა კულტურას დიზაინერზე. ეს მისი გარდაცვალებიდან 125 წლის შემდეგაც შესამჩნევია. გამოფენა 21 სექტემბრამდე გაგრძელდება.
დიდი ხანია, რაც მსოფლიოში ყველაზე დიდი ტროპიკული ტყე საზოგადოების ყურადღებას იპყრობს, ეს ეკოლოგიური საოცრებისა და საიდუმლოების ადგილია. WWF-ის თანახმად, ამაზონის ტყეში, რომელიც სამხრეთ ამერიკის რვა ქვეყნის ტერიტორიაზეა გადაშლილი, ბინადრობს დედამიწაზე ყველა ცნობილი სახეობის დაახლოებით 10 პროცენტი და 400-ზე მეტი სხვადასხვა ძირძველი თემი. ამ თემის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით Musée des Confluences-მა შექმნა კოლექცია, მათ შორისაა ფოტოები და ვიდეომასალა. აქედან წარმოდგენილია 220 ექსპონატი, რომლებიც დამთვალიერებელს საშუალებას მისცემს, უკეთ გაეცნოს დედამიწის ამ კუთხეს და მასში მცხოვრებ ადამიანებსა და მათ კულტურას. გამოფენა საფრანგეთის ქალაქ ლიონში 18 აპრილიდან 2026 წლის 8 თებერვლის ჩათვლით გაიმართება.
ღონისძიებები
ჯაზი ბალტიისპირეთში! 1990 წლიდან Jazzkaar ევროპის მუსიკალური ფესტივალების კალენდრის ქვაკუთხედს წარმოადგენს. ფესტივალზე, რომელზეც მხოლოდ საუკეთესონი მონაწილეობენ, მთელი ყურადღება ჯაზზეა გადატანილი. აქ მხოლოდ ნიჭიერ ესტონელებს არ შეხვდებით, ის კარს უღებს ტალანტებს საერთაშორისო მასშტაბით. წლევანდელ ღონისძიებაზე 30-ზე მეტ კონცერტს შემოგვთავაზებენ მუსიკოსები 14 ქვეყნიდან. ღონისძიების მთავარი მოვლენაა გრემის ჯილდოზე წარდგენილი ამერიკელი მომღერალი და კომპოზიტორი ჯაზმეია ჰორნი, რომელსაც უერთდებიან მსოფლიოს ჯაზის დიდოსტატები: არკადი გოტესმანი, კრესტენ ოსგუდი და ჯეიმს კარტერის ტრიო. მუსიკალური ფესტივალი 20 აპრილიდან პირველ მაისამდე გასტანს.
ფილმები
Sinners
18 აპრილს ევროპულ კინოთეატრებში მაიკლ ბი ჯორდანის მონაწილეობით საშინელებათა ფილმი გამოდის ვამპირებსა და კუ კლუქს კლანზე. რეჟისორ რაიან კუგლერის ფილმში („შავი პანტერა“ Creed) მოქმედება ჯიმ ქროუს ეპოქაში ვითარდება. ტყუპი ძმები თავიანთ მშობლიური ქალაქში ახალი ცხოვრების დასაწყებად ბრუნდებიან. ფილმში თავმოყრილია სისხლიანი ბლოკბასტერის ყველა ნიშანი, რაც განსაკუთრებით სასიხარულოა ფილმ Minecraft-ის შემდეგ. თვალ-ყური ადევნეთ ჩვენს სრულ მიმოხილვას.
.
Warfare
გასული წლის ტრილერის, „სამოქალაქო ომის“, შემდეგ ალექს გარლანდის ახალი სამხედრო ფილმი ომის საშინებელებას ასახავს. ის ერაყის ომის ვეტერანისა და პროექტის თანამონაწილის, რეი მენდოსას, ტრაგიკულ გამოცდილებაზეა დაფუძნებული. მთავარ როლებს კიტ კონორის, უილ პოულტერის, ჯოზეფ ქუინისა და ჩარლზ მელტონის ვარსკვლავური შემადგენლობა ასრულებს. ისინი ამერიკელი საზღვაო ძალების მებრძოლები არიან. ფილმ Warfare-ის პრემიერა ევროპის კინოთეატრებში 18 აპრილს შედგება.
.
სერიალები
Black Mirror
„ნეტფლიქსზე” კი ყველასთვის ცნობილი და საყვარელი სერიალი „შავი სარკე“ დაბრუნდა. მეშვიდე სეზონში ჩარლი ბრუკერის ბნელი სატირა ერთგვარი ობიექტივია, რომლის მეშვეობითაც სამყარო ავლენს თავის თავს, ებრძვის სოციალურ პრობლემებსა და ტექნოლოგიის დაუნდობელ წინსვლას. როგორც ყოველთვის, სერიალში მრავალი ცნობილი სახეა წარმოდგენილი, მათ შორის პიტერ კაპალდი, უილ პოულტერი, ავკვაფინა, კრის ო’დაუდი და რაშიდა ჯოუნსი.
.
წიგნები
Sky Daddy: A Novel
ლტოლვა ყოველთვის მშფოთვარეა. ასეა ლინდასთვისაც. ახალგაზრდა ქალს თვითმფრინავები იზიდავს. ამ უცნაური და, გარკვეულწილად, შოკისმომგვრელი წინაპირობის მეშვეობით, ავტორი კეიტ ფოლკი თავის უახლეს წიგნში ქალის სექსუალობის სირთულეების ახსნას ცდილობს.
გიგანტური მფრინავი ობიექტით, რომელიც სიმბოლურად როგორც იმედის, ისე შიშს გამოხატავს, ფოლკი შეგვახსენებს, რომ თვითშემეცნების გზა ხშირად არატრადიციულობის ჩარჩოდან გამოსვლასა და უცხო სამყაროში გადასვლას გულისხმობს.
მუსიკა
Julien Baker & Torres: Send a Prayer My Way
.
ჯულიენ ბეიკერმა ტორესსთან (მაკენზი რუთ სკოტთან) თანამშრომლობით სადებიუტო ალბომი გამოუშვა, რომელშიც იგრძნობა ქანთრის სტილი. მომღერალზე გავლენა იქონიეს იმ შემსრულებლებმა, რომლებიც სკოტის ბავშვობიდან დაამახსოვრდა. ალბომში შესული სიმღერები გადაგვიყვანს სხვა სამყაროში, ჰონკი-ტონქის სტილის ბარებში და ცოტა ხნით მაინც სულს სიმშვიდეს აგრძნობინებს.