უნგრეთის უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის ლიდერმა, პიტერ მაგიარმა კვირას, 13 აპრილს ათასობით მხარდამჭერს განუცხადა, რომ 2026 წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანის დამარცხების შემთხვევაში, უნგრეთს საერთაშორისო იზოლაციიდან გამოიყვანს.
ბუდაპეშტში გამართულ დემონსტრაციაზე პიტერ მაგიარი აღნიშნავს, რომ მოკავშირეების თვალში უნგრეთის რეპუტაციას, რომელიც ვიქტორ ორბანმა დააზიანა, აღადგენს.
„ეს სისტემა რეფორმას არ ექვემდებარება, ვერ გამოსწორდება, ვერ გაუმჯობესდება. ეს სისტემა შეიძლება მხოლოდ შეიცვალოს და ესაა ის, რასაც ჩვენ გავაკეთებთ კანონიერად, დემოკრატიულად, მაგრამ მტკიცე შემართებით. ჩვენ რეჟიმს დავასრულებთ. საბოლოოდ მოვაწესრიგებთ საერთო საქმეებს. ჩვენი სამშობლო, უნგრეთი, კვლავ გახდება ნატოს ამაყი და საიმედო მოკავშირე. უნგრეთი კვლავ გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი“, – ამბობს პიტერ მაგიარი.
პიტერ მაგიარის პარტია „პატივისცემა და თავისუფლება“ ვიქტორ ორბანისთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს. ბოლოდროინდელი გამოკითხვების თანახმად, პიტერ მაგიარის პარტიამ ვიქტორ ორბანის პარტიას რეიტინგში გაუსწრო. ამის მთავარ მიზეზად უნგრეთის ეკონომიკური სტაგნაცია მიიჩნევა.
„მჯერა, რომ პიტერ მაგიარი გამარჯვებას შეძლებს და ვიქტორ ორბანი დაისჯება იმ ქურდობისთვის, რაც ამ ქვეყანაში ჩაიდინა. 2022 წელს ცვლილებების იმედი მქონდა, მაგრამ ახლა ჩემი იმედი უფრო ძლიერია“, – ამბობს ნორა ფარკასი, დემონსტრანტი.
პიტერ მაგიარის პარტია ფოკუსირებულია ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე, კერძოდ, ინფლაციაზე, ჯანდაცვის გაუმართავ სისტემასა და სამთავრობო კორუფციაზე.