უკრაინაში აშშ-ის ელჩის მიერ თანამდებობის დატოვებას სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, თემი ბრიუსი ადასტურებს.
ბრიჯიტ ბრინკმა თანამდებობა თითქმის სამი წლის შემდეგ დატოვა, იმ დროს, როდესაც გაურკვეველია, თუ როგორ დასრულდება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობა – რუსეთ-უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიოს.
„ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ბრიჯიტ ბრინკი უკრაინის ელჩი სამი წლის განმავლობაში იყო, ომის დროს და მან საქმეს თავი არაჩვეულებრივად გაართვა. ჩვენ მას ყველაფერ კარგს ვუსურვებთ და ამავდროულად, რა თქმა უნდა, უნდა გვახსოვდეს, რომ საუბარი ეხება ომს, რომლის დასრულებაზეც ჩვენ ვმუშაობთ. ესაა ჩვენი ყურადღების საგანი და რა თქმა უნდა, ველოდებით, რომ მუშაობა ამ მიმართულებით გაგრძელდება. ჩვენ კი ბრიჯიტს ყველაფერ კარგს ვუსურვებთ“, – ამბობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, თემი ბრიუსი.
თემი ბრიუსმა უკრაინაში აშშ-ის ელჩის მიერ თანამდებობის დაკავების შესახებ ხუთშაბათს, 10 აპრილს განაცხადა, თუმცა ზუსტად არ დაუკონკრეტებია, როდის დატოვებს ბრიჯიტ ბრინკი უკრაინას.
ბრიჯიტ ბრინკმა თანამდებობა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს დაიკავა და აშშ-ის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის მომხრე იყო.
თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც შეერთებული შტატებისა და რუსეთის ოფიციალურ პირებს შორის ქალაქ სტამბოლში 10 აპრილის შეხვედრის შემდეგ მხარეები დაძაბული დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე შეთანხმდნენ.
„ვფიქრობ, ყველას ესმის, რომ პრეზიდენტი ტრამპი ჩართულია ამ პროცესში. ჩვენ გვყავს მსოფლიოში საუკეთესო დიპლომატები, რომლებსაც, რა თქმა უნდა, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ხელმძღვანელობს. ჩვენმა მთელმა ხელმძღვანელობამ, განსაკუთრებით პრეზიდენტმა ტრამპმა და სახელმწიფო მდივანმა რუბიომ საჯაროდ აჩვენებს, თუ რა დევს სასწორზე, როდესაც საქმე ეხება ომის დასრულებას. ესაა დინამიკა, რომელიც სამხედრო გზით არ მოგვარდება. ეს ხორცსაკეპია. სხვა სასაუბრო არაფერია, ვიდრე სროლა და მკვლელობა არ შეჩერდება. სახელმწიფო მდივანმა რუბიომ ნატოს პრესკონფერენციაზე ხაზგასმით თქვა, რომ ჩვენ რეალურად რამდენიმე კვირაში გავიგებთ, რუსეთი სერიოზულადაა განწყობილი თუ არა. ამრიგად, ვფიქრობ, რუსეთი ამას სერიოზულად უნდა მოეკიდოს. ეს არ გაგრძელდება ექვსი თვე ან ერთი წელი ან უფრო მეტი. პრეზიდენტმა ნათლად თქვა, რომ დიპლომატიური მიდგომა სურს, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ვაკვირდებით და ვაფასებთ პროცესის მიმდინარეობას“, – ამბობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, თემი ბრიუსი.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე მხარეებმა ურთიერთგაგებას მიაღწიეს.
2022 წლის თებერვალში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ, ვაშინგტონმაც და მოსკოვმაც ერთმანეთის საელჩოებს სანქციები დაუწესა.
მხარეებს შორის სტამბოლში მიღწეული შეთანხმება საბანკო სფეროსაც მოიცავს, რამაც შესაძლოა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური წარმომადგენლობის ზრდა განაპირობოს.
