მთავარიმსოფლიომოსკოვი ვაშინგტონს სთავაზობს, მოხსნას რუსული ავიაკომპანიისთვის დაწესებული სანქციები

მოსკოვი ვაშინგტონს სთავაზობს, მოხსნას რუსული ავიაკომპანიისთვის დაწესებული სანქციები

სერგეი ლავროვი ამბობს, რომ რუსეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებს შესთავაზა, მოხსნას რუსული ავიაკომპანიისთვის დაწესებული სანქციები. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს, 11 აპრილს, ყაზახეთში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ავიაკომპანია „აეროფლოტისთვის“ სანქციების მოხსნა ორ ქვეყანას კომერციული ფრენების აღდგენის შესაძლებლობას მისცემს. ლავროვის თქმით, რუსულმა დელეგაციამ ამერიკელ კოლეგებს ავიაკომპანიისთვის სანქციის მოხსნა პირველად ერთი თვის წინ ერ-რიადში გამართულ შეხვედრაზე შესთავაზა. 10 აპრილს სტამბოლში გამართული შეხვედრაზე კი, საკითხი დღის წესრიგში კვლავ დააბრუნა. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, მოსკოვის წინადადებაზე ვაშინგტონს პასუხი ჯერ არ გაუცია.

„აეროფლოტზე სანქციების მოხსნის შედეგი რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ფრენების განახლება უნდა იყოს. ეს წინადადება თვეზე მეტი ხნის წინ ერ-რიადში გამართულ შეხვედრაზე დავაყენეთ. ამერიკელებმა ეს გაიგეს, თუმცა ამ დრომდე არ გვინახავს საპასუხო ნაბიჯი. გუშინ სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე ჩვენმა ექსპერტებმა მათ ეს კიდევ ერთხელ შეახსენეს”, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

სერგეი ლავროვმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე თქვა ისიც, რომ პატიმრების გაცვლა შტატებისა და რუსეთის მიერ ორ ქვეყანას შორის „ნდობის“ ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

„ეს მეორე ასეთი გაცვლაა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში. ვფიქრობ, ეს ხელს უწყობს ნდობის ჩამოყალიბებას, რაც ასე აუცილებელია, თუმცა მის სრულად აღდგენას დიდი დრო დასჭირდება”, – თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend