მთავარიმსოფლიოევროკავშირი აშშ-სთვის დაწესებულ საპასუხო ტარიფებს 90 დღით შეაჩერებს

ევროკავშირი აშშ-სთვის დაწესებულ საპასუხო ტარიფებს 90 დღით შეაჩერებს

ევროკავშირის აღმასრულებელმა კომისიამ გუშინ განაცხადა, რომ აშშ-სთვის საპასუხო ტარიფების დაწესების გადაწყვეტილებას 90 დღით შეაჩერებს, რათა მხარეებს შორის მოლაპარაკების შესაძლებლობა დატოვოს.

„ჩვენ მოლაპარაკებები გვსურს, გვინდა ვისაუბროთ და ვაფასებთ, რომ ე.წ. საპასუხო ტარიფები გადავადდა და ჩვენც, თავის მხრივ, მიღებულ ზომებს ვაჩერებთ, რათა მაქსიმალური სივრცე დავტოვოთ წევრ ქვეყნებთან, ინდუსტრიის წარმომადგენლებთან და შეერთებულ შტატებთან კონსულტაციებისთვის. გარიგებისთვის მზად ვართ, ვისაუბროთ“, – ამბობს ევროკომისიის პრესსპიკერი, ოლოფ გილი.

ახალი ტარიფები, რომლებიც ევროკომისიამ 21 მილიარდი ევროს ამერიკულ საქონელზე დააწესა, შეჩერდება.

ევროკომისიის სპიკერმა, ოლოფ გილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ 90-დღიანი პაუზა ბრიუსელს ვაშინგტონთან და ინდუსტრიის წარმომადგენლებთან მოლაპარაკების საშუალებას მისცემს. მისივე თქმით, ევროკავშირი თანამშრომლობისთვის მზადაა.

„ჩვენი მიდგომა არ შეცვლილა. ვემზადებით ყველანაირი შედეგისთვის. ყველა ჩვენი ბერკეტი მაგიდაზეა. ამერიკელებთან საუბარი გვსურს. გვსურს მივაღწიოთ გარიგებას, რომელიც ორივე მხარეს სარგებელს მოუტანს. ჩვენ მათ ნულოვანი ტარიფები შევთავაზეთ სამრეწველო პროდუქტებსა და საქონელზე. გვჯერა, რომ შეგვიძლია მივაღწიოთ ყველა სახის სასიკეთო შედეგს, რაც თავიდან აგვაცილებს ტარიფებს, რომლებიც ჩვენი აზრით, კონტრპროდუქტიულია. ამრიგად, გავაგრძელებთ საუბარს წევრ ქვეყნებთან და მზად ვართ შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობისთვის“, – ამბობს ევროკომისიის პრესსპიკერი, ოლოფ გილი.

2 აპრილს პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებით, ევროკავშირიდან შემოსულ საქონელს 20%-იანი ტარიფი დაუწესდა. თუმცა ერთი კვირის შემდეგ დონალდ ტრამპმა ტარიფები 90 დღით შეაჩერა და ქვეყნებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend