კატეგორიები

„რუსეთი ქრონიკულ საფრთხეს წარმოადგენს“, – გენერალი კავოლი

„რუსეთი ქრონიკულ საფრთხეს წარმოადგენს“, – გენერალი კავოლი
როდესაც გაურკვევლობაში მყოფი ევროპა შიშობს, რომ რუსეთიდან მომდინარე საფრთხესთან შესაძლოა მარტო აღმოჩნდეს, აშშ-ის სენატში შეიარაღებული ძალების 4-ვარსკვლავიანი გენერლები საპირისპიროს ამტკიცებენ.

შეიარაღებული ძალების კომიტეტზე აშშ-ის, ევროპისა და აფრიკის სარდლობის მეთაურთა მოსმენა ორ ეტაპად – ღია და დახურულ სხდომად გაიმართა. თუმცა სენატის შესაბამისი კომიტეტის ვებსაიტზე აიტვირთა გენერლების ანგარიშები.

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპის სარდლობის ხელმძღვანელი, გენერალი ქრისტოფერ კავოლი ანგარიშში  რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებსა და საქართველოსაც ეხება.

„რუსეთი არასტაბილურ მდგომარეობას იყენებს ევროპის იმ რეგიონებში, სადაც საფრთხე ძალიან დიდია. მისი მიზანია, შეერთებული შტატების ხარჯზე გაზარდოს გავლენა. საქართველოში პრორუსულმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ თბილისი მოსკოვთან დააახლოვა, მოლდოვაში რუსული გავლენა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს გაიზარდა. მოსკოვი ჩაერთო საარჩევნო ხმების მოსყიდვის თაღლითურ ქმედებებში, კიბერშეტევებსა და საარჩევნო უბნების აფეთქებების შესახებ ცრუ მუქარებში. 2024 წლიდან რუსეთი ცდილობს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები ევროატლანტურ ინტეგრაციას ჩამოაშოროს წამყვანი ლიდერების რიტორიკის, საინფორმაციო ოპერაციების, დიპლომატიური კონტაქტებისა და ეკონომიკური გავლენების მეშვეობით.  რუსეთმა ასევე მიიზიდა სერბი და ბოსნიელი ლიდერები, რომლებიც კრემლის ორბიტას დაუახლოვდნენ. მათ 2024 წელს BRICS-ის სამიტშიც მიიღეს მონაწილეობა.

რუსეთის განზრახვა ნათელია: ის ცდილობს, ევროპის უსაფრთხოების დესტაბილიზაციას, მისი მიზანია,  გაზარდოს საკუთარი რეგიონული და გლობალური ძალაუფლება და შეამციროს აშშ-ის ძალა“,  – ვკითხულობთ დოკუმენტში.

რუსეთიდან მომდინარე  საფრთხეების გათვალისწინებით, დემოკრატი სენატორი მიჩიგანიდან ელისა სლოტკინი დაინტერესდა, თუ რას ფიქრობს ევროპის სარდლობის მეთაური რუსეთის სტრატეგიულ გეგმებზე და გენერალ კავოლის ჰკითხა: „რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა, შემდეგ ყირიმისა და აღმოსავლეთ უკრაინის. ნუთუ ამის შემდეგ კიდევ  გჯერათ, რომ, თუკი პუტინთან რაიმე შეთანხმებას მივაღწევთ, განსაკუთრებით თუ ის მისთვის ხელსაყრელია,  შეჩერდება და თავს აღარ დაესხმება ევროპას?

გენერალი ქრისტოფერ კავოლი, აშშ-ევროპის სარდლობის მეთაური: „არ მჯერა, ქალბატონო. ჩემი პროფესიული შეფასება ეფუძნება წლების გამოცდილებას. ჩემი აზრით, ეს რუსეთის ისტორიის უფრო დიდი სურათის ნაწილია და ამის დასტურია ის, რასაც აკეთებს რუსეთი დღეს. რას გადაწყვეტს შეერთებული შტატები და ექნება თუ არა ამასთან დაკავშირებით რეაქცია,   რა თქმა უნდა, არ არის ჩემზე დამოკიდებული, მაგრამ, ჩემი აზრით, რუსეთი სერიოზული საფრთხეა“.

რესპუბლიკელმა სენატორმა როჯერ უიკერმა, რომელიც შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარეა, აღნიშნა, რომ სწორედ გაზრდილი რუსული საფრთხეებიდან გამომდინარე, აშშ-მა ევროპაში სამხედრო ძალა აუცილებლად უნდა შეინარჩუნოს. თავდაცვის დეპარტამენტში წარმოთქმული მოსაზრებები კი – ევროპაში ძალების შემცირებასთან დაკავშირებით –  მცდარ პოზიციად შეაფასა:

„ომი უკრაინაში იმას გვახსენებს,  რომ ვლადიმერ პუტინმა გადაწყვიტა, დასავლეთის მტრად იქცეს და რუსეთის მომავალზე უარი თქვას. თავდაცვის დეპარტამენტი სამართლიანად მიიჩნევს ჩინეთს ჩვენს საფრთხედ, თუმცა რუსეთი და მისი ათასობით ბირთვული იარაღი კვლავაც ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს  შეერთებული შტატებისა და ჩვენი მოკავშირეებისთვის. ჩვენ არ შეგვიძლია უგულებელვყოთ ეს. რუსეთის აგრესიის მიუხედავად, არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ ახლა დროა, მკვეთრად შევამციროთ ჩვენი სამხედრო ძალა ევროპაში. მე ამას არ ვეთანხმები. შეშფოთებული ვარ თავდაცვის დეპარტამენტის ზოგიერთი საშუალო დონის ბიუროკრატის მიერ გამოთქმული ამ ღრმად მცდარი და სახიფათო შეხედულებების გამო”, – აღნიშნა რესპუბლიკელმა სენატორმა  როჯერ უიკერმა.

გენერალი კავოლი სენატში  გამოსვლისას დეტალურად შეეხო უკრაინაში რუსეთის ინტერვენციას. ისაუბრა კრემლის სამხედრო დანაკარგებზე, ასევე დადებითად შეაფასა ევროპის მხრიდან თავდაცვის ხარჯების ზრდა და დასძინა, რომ აშშ-ევროპის სარდლობა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ფლაგმანს წარმოადგენს. “რუსეთის ომმა უკრაინაში, რომელიც მეოთხე წელია მიმდინარეობს, აჩვენა, რომ რუსეთი ქრონიკულ საფრთხეს წარმოადგენს. და ჩვენ ვხედავთ, რომ სამომავლოდ ეს საფრთხე გაიზრდება. ერთია, რომ ისინი შეეცდებიან, სამხედრო ძალა გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად გამოიყენონ, დღეს კი აქტიურ კამპანიას აწარმოებენ ევროპისა და მის მიღმა დესტაბილიზაციის შესაქმნელად. ჩვენი სამშობლოს თავდაცვის ხაზი ევროპული სარდლობიდან იწყება. სადაც ჩვენი საზღვაო ძალები ხელს უშლიან რუსულ წყალქვეშა ნავებს, ატლანტის ოკეანეში რომ შეაღწიონ. ისრაელის მიმართულებით ჩვენი ბალისტიკური სარაკეტო თავდაცვა იწყება ხმელთაშუა ზღვაში განლაგებული ევროპის სარდლობის გემებიდან. ჩვენ ვართ ამერიკის წამყვანი ძალა მსოფლიოში“, – აღნიშნა აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურმა, გენერალმა ქრისტოფერ კავოლიმ.

ევროპაში სამხედრო ძალების რაოდენობის შემცირების შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა მაშინ განაცხადა, როდესაც უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას ესწრებოდა. ამის მიზეზად კი ჩინეთზე მეტი კონცენტრაცია დასახელდა.

როგორც ჩანს, სენატის თავდაცვის კომიტეტი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ შტატებმა ევროპაში სამხედრო ძალები უნდა შეამციროს.

მოსმენაზე სამხედრო ძალების შენარჩუნებას ორმა პარტიამ დაუჭირა მხარი.

Related news
პაკისტანისა და ავღანეთის ძალებს შორის, საზღვრისპირა რეგიონებში შეტაკებებია „მნიშვნელოვან პროგრესი“ - დასრულდა აშშ-ირანის მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი
სხვა ამბები