მთავარიამერიკააშშტარიფების დაწესების შემდეგ მოლაპარაკებები 70-ზე მეტ ქვეყანას სურს

ტარიფების დაწესების შემდეგ მოლაპარაკებები 70-ზე მეტ ქვეყანას სურს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „ამერიკა მალე კვლავ მდიდარი გახდება”.

ამის შესახებ ჟურნალისტებთან პრეზიდენტმა ტრამპმა გუშინ ისაუბრა. მისი თქმით, ტარიფების გაუქმებას ან გადავადებას არ გეგმავს და ქვეყანა დღეში 2 მილიარდ დოლარს იღებს. დონალდ ტრამპი აღნიშნავს, რომ ტარიფების ამოქმედების დღიდან 70-ზე მეტი ქვეყანა ვაშინგტონთან მოლაპარაკებებზე თანახმაა და აშშ-ის ადმინისტრაციას ამისთვის საგანგებოდ შემუშავებული გარიგებები აქვს.

ტარიფების დაწესების დღიდან დოუ-ჯონსის სამრეწველო ინდექსი კიდევ 320 ქულით შემცირდა.

„ვისაც გსურთ ტარიფების შესახებ მეტი გაიგოთ, იცოდეთ, რომ ამ ტარიფებით ჩვენ ყოველდღიურად თითქმის $2 მილიარდ დოლარს ვიგებთ. $2 მილიარდი დოლარი… თავს მშვენივრად ვგრძნობთ. აგრეთვე, მშვენივრად მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ვიღებთ განსაკუთრებულ შეთავაზებებს. ახლა იაპონიიდან მოფრინავენ, რომ შეთანხმება დავდოთ. სამხრეთ კორეის წარმომადგენლებიც მოდიან კარგი გარიგებისთვის. აგრეთვე, სხვებიც. ამ შეთანხმებებისთვის გამოვიყენებთ შესანიშნავ იურიდიულ ფირმებს, ვფიქრობ, ამაში დაგვეხმარებიან. ჩვენ გვჭირდება ნიჭიერი ადამიანები, რადგან ბევრი ქვეყნის წარმომადგენელი მოფრინავს ჩვენთან და მათ შეთანხმება სურთ. ამაზე ორი, სამი ან ხუთი წლის წინ რომ მესაუბრა, დაგვცინებდნენ.

ახლა ისინი მოდიან და ხელს აწერენ. მაიკ, შენ ეს კარგად იცი. დღეში ორი მილიარდი. ეს ბევრი ფულია. ქვანახშირის ბიზნესშიც ეს დიდი ფულია, არა? ეს ბევრი ფულია. აშშ ძალიან მალე კვლავ მდიდარი გახდება. თქვენ უკვე ხედავთ, რომ ეს ხდება. ყველაფერს ხედავთ. იცით, რომ მთელი ეს სიტუაცია ფეთქებადი იყო, მაგრამ ეს რომ არ გაგვეკეთებინა, არ ვილაპარაკებდით ისე, როგორც ახლა ვსაუბრობთ. საოცარია ის, რაც მოხდა. ხანდახან საჭიროა, რომ ყველაფერი ოდნავ აურიო. მოლაპარაკებები გვქონდა 70-ზე მეტ ქვეყანასთან, მათ ყველას გარიგება სურთ. ჩვენი პრობლემაა, რომ ამდენი გარიგების დადება ასე სწრაფად არ შეგვიძლია. თუმცა არც გვჭირდება, რადგან ტარიფები უკვე ძალაშია და ფული შემოდის იმ დონეზე, როგორც არასდროს“, – ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

დღეს შუადღეზე ამოქმედდება შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ ჩინურ იმპორტზე დაწესებული 104%-იანი ტარიფი, რაც რესპუბლიკელი კონგრესმენებისა და სენატორების აღელვების საგანი გახდა განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც წინასაარჩევნო კამპანიის დროს დონალდ ტრამპი მოსახლეობას გადასახადების შემცირებასა და მზარდ ეკონომიკას დაჰპირდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend