მეცნიერებმა „საზარელი მგელი“ გააცოცხლეს. სახეობა, რომელიც 10 000 წელზე მეტია გადაშენებულია და რომელსაც საზოგადოება „სამეფო კარის თამაშებიდან“ „მგელსაზარას“ სახელით იცნობს, ბიოტექნოლოგიური კომპანიის, Colossal Biosciences-ის, მეცნიერებმა გენური ინჟინერიის გამოყენებით აღადგინეს.
მეცნიერებმა თანამედროვე რუხი მგლის დნმ ისე შეცვალეს, რომ მასში დიდი ხნის წინ გადაშენებული სახეობის გენური ვარიანტები ინტეგრირებულიყო. მიღებული გენეტიკური მასალა მათ „მგელსაზარას” უახლოესი მონათესავე სახეობის, რუხი მგლის კვერცხუჯრედებში გადაიტანეს, მოამწიფეს და მოგვიანებით ემბრიონები სუროგატი ძაღლების საშვილოსნოში მოათავსეს.
შედეგად სამი ე. წ. „საზარელი მგელი“ დაიბადა – რომულუსი, რემუსი და კჰალისი.
„ეს პროცესი ფენოტიპის ხელახლა შექმნაა. რუხი მგელი საზარელი მგლის უახლოესი ცოცხალი ნათესავია. ისინი გენეტიკურად ერთმანეთს ძალიან ჰგვანან. ეს 99.5%-იანი მსგავსებაა. განსხვავება ისაა, რომ საზარელი მგლები უფრო დიდები, მეტად დაკუნთულები არიან და ღია ფერის ბეწვი აქვთ. ეს მათ ნამარხებზე დაკვირვების შედეგად ვიცით. ამიტომ ჩვენ დნმ-ის იმ მონაკვეთებზე ვკონცენტრირდით, რომლებიც ამ თავისებურებებზეა პასუხისმგებელი. შემდეგ, რუხი მგლის უჯრედები გენეტიკურად შევცვალეთ და მასში გადაშენებული მგლის დნმ-ის მონაკვეთები ჩავსვით. შემდეგ უჯრედების კლონირების გამოყენებით საბოლოოდ საზარელი მგელი გამოვიყვანეთ“, – ამბობს ბეთ შაპირო, Colossal-ის უფროსი მეცნიერი.
„გადაშენებული სახეობის აღდგენა ნიშნავს, რომ ევოლუციურ პროცესში გამქრალ თაობათა ხაზს სიცოცხლეს ვუბრუნებთ. ანუ იყო პერიოდი, როდესაც სახეობა უბრალოდ არ არსებობდა და ახლა ისევ არსებობს. რაც მათ გააკეთეს გენეტიკური ინჟინერიით რუხი მგლის მგელსაზარასთან მიმსგავსებაა – ან სულ მცირე იმასთან მიმსგავსება, როგორიც ეს სახეობა შესაძლოა ყოფილიყო“, – ამბობს ვინსენტ ლინჩი, პროფესორი ბუფალოს უნივერსიტეტიდან.
ეს პირველი შემთხვევაა, როცა მეცნიერებმა გენური ინჟინერიის გამოყენებით გადაშენებული სახეობის აღდგენა შეძლეს. Colossal-ში ამბობენ, რომ მათი მეცნიერები სხვა სახეობების, მათ შორის, მამონტების აღდგენაზეც მუშაობენ.
