მთავარიევროპაუკრაინაბელგიის პრემიერ-მინისტრი ბარტ დე ვევერი კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

ბელგიის პრემიერ-მინისტრი ბარტ დე ვევერი კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

უკრაინის დედაქალაქ კიევში ბელგიის პრემიერ-მინისტრი ბარტ დე ვევერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაქსიმ პრევო და თავდაცვის მინისტრი თეო ფრანკენი ჩავიდნენ.

ბელგიის დელეგაციამ ბარტ დე ვევერის ხელმძღვანელობით უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებები გამართა.

დელეგაცია ჩავიდა ქალაქ ბუჩაშიც, სადაც რუსეთის აგრესიის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ვიზიტისას განაცხადა, რომ უკრაინის დასახმარებლად მილიარდ ევროს გამოყოფს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ბარტ დე ვევერს უკრაინული წარმოების დრონების ქარხანაც დაათვალიერებინა.

ორი ქვეყნის ლიდერმა ასევე ისაუბრა უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიაში ბელგიური ინვესტიციების შესაძლებლობასა და თანამშრომლობის სხვა ასპექტებზე.

„ჩვენ ერთმანეთს პარიზში შევხვდით და გადაწყვეტილი გვაქვს, რომ თუ იქნება უკრაინისთვის მისაღები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, მაშინ ჩვენ ის სამხედრო გზით უნდა დავაზღვიოთ. სწორედ კირ სტარმერმა და პრეზიდენტმა მაკრონმა მოირგეს ლიდერის როლი ამ საქმეში და ისინი მუშაობენ გეგმაზე ჩვენს თავდაცვის სამინისტროსა და არმიის შტაბის უფროსთან ერთად იმაზე, თუ რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იქნება შესაძლებელი ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში. ძალიან ლოგიკური მეჩვენება, რომ თუ საფრანგეთი, ინგლისი და შესაძლოა გერმანია გაგზავნის ჯარს, ჩვენც გავგზავნით. ჩვენ ევროკავშირისა და ნატოს დამფუძნებელი ქვეყანა ვართ და ყოველთვის ვიყავით ნაწილი მრავალმხრივი კოალიციებისა და რა თქმა უნდა, სამშვიდობო ინიციატივების. ამრიგად, ვფიქრობ, რომ როცა ეს დღე დადგება, ჩვენ მათ გვერდით ვიდგებით“, – ამბობს ბელგიის პრემიერ-მინისტრი ბარტ დე ვევერი.

ბელგიის პრემიერ-მინისტრის აზრით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე მუშაობის პროცესში ევროპა და უკრაინა მოლაპარაკებების მაგიდასთან აუცილებლად უნდა ისხდნენ.

„ევროპის მოლაპარაკებების მაგიდასთან ყოფნის იდეაზე, როგორც ინგლისურად იტყვიან: თუ მაგიდასთან არ ხარ, მაშინ მენიუში ხარ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენ მაგიდასთან უნდა ვიყოთ უკრაინასთან ერთად. ჩვენ იდენტური პოზიცია გვაქვს: უნდა დავიცვათ საერთო ინტერესები სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის. თუმცა თავისთავად, მაგიდასთან ხარ მაშინ, როცა ძლიერი ხარ. როგორც ევროპას, ჩვენ გვაკლდა საკუთარი ძალების განვითარება და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომდევნო რამდენიმე წელიწადში აღვადგინოთ ევროპა, აღვადგინოთ ჩვენი ძალა, რათა სერიოზულად მიგვიღონ და მიგვიწვიონ მოლაპარაკებების მაგიდასთან“, – ამბობს ბელგიის პრემიერ-მინისტრი ბარტ დე ვევერი.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ კვლავ გაუსვა ხაზი ცეცხლის სრულად შეწყვეტის აუცილებლობას, რასაც მოსკოვი ღიად უარყოფს. სამხედრო ექსპერტების თქმით, ორივე ქვეყანა ახლა ბრძოლის ველზე გაზაფხული-ზაფხულის კამპანიისთვის ემზადება.

შეხვედრის შემდეგ ლიდერებმა ერთობლივი პრესკონფერენციაც გამართეს.

უახლესი

სხვა ამბები

00:06:00
spot_imgspot_img
Send this to a friend