კრივი-რიჰში დაკრძალეს მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც რუსეთმა სარაკეტო თავდასხმით მოკლა.
პარასკევს, 4 აპრილს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინულ ქალაქზე მიიტანეს სარაკეტო იერიში. ადგილობრივები ამბობენ, რომ იქ მხოლოდ ბავშვების სათამაშო მოედანი იყო. თავდასხმის მომენტში ბავშვები ქვიშაში თამაშობდნენ. 20 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის 9 მცირეწლოვანი.
„დავინახეთ, რომ საჰაერო თავდასხმა დაიწყო. დედას სურდა, რომ ფანჯარასთან მისულიყო და დაეყვირა, მაგრამ რაღაცამ შეაჩერა. ყველაფერი წამში მოხდა. აფეთქება არაა საშინელი, სულაც არა. ამის გაცნობიერებაა საშინელი. 10 წამში მამაჩემთან ერთად დაბლა ჩავედი და მაშინვე მივხვდი, რომ ყველაფერი უკვე დასრულებულიყო. დედა ფანჯრიდან იყურებოდა და მეკითხებოდა – რა ხდებოდა. მეოთხე სართულზე ვცხოვრობთ. არ ვიცოდი როგორ მეთქვა მისთვის, რომ ისინი ცოცხლები აღარ იყვნენ“, – ამბობს ილონა ტრიპოლეტს, კრივი-რიჰის მკვიდრი.
„ვხვდები, რომ არაფრის დაბრუნება არ შეგვიძლია. სული და გული მტკივა, რადგან ეს ბავშვები დროთა განმავლობაში ჩემს შვილებადაც იქცნენ. შენ მათი ცხოვრებით ცხოვრებას იწყებ, განიცდი მათ პრობლემებს, მათ კარგ და ცუდ განწყობებს. ამ მომენტში ხვდები, რომ უძლური ხარ, არაფრის გაკეთება შეგიძლია. ესაა ტკივილი, რომელიც ენით აღუწერელია. ხვდები, რომ ამ ტკივილით იცხოვრებ მთელი ცხოვრება, რადგან ეს ბავშვი შენი სულის ნაწილი იყო“, – ამბობს ნატალია სლობოდენიუკი, მასწავლებელი.
4 აპრილის რუსული იერიშის შედეგად არიან დაშავებულებიც. 70-მდე ადამიანი ამ დრომდე საავადმყოფოებში რჩება. ზოგიერთის მდგომარეობა ძალიან მძიმეა.
უკრაინაში გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისში ამბობენ, რომ ეს იყო ბოლო დროის ყველაზე მომაკვდინებელი თავდასხმა, რომელიც რუსეთმა უკრაინაზე მიიტანა.