ღაზის ცენტრალურ ქალაქ დეირ ალ-ბალაჰში ისრაელის საჰაერო დარტყმას რვა ადამიანი, მათ შორის სამი ქალი და სამი ბავშვი, ემსხვერპლა.
ცხედრები ალ-აქსას საავადმყოფოში, ცენტრალურ ღაზაში ყველაზე დიდ სამედიცინო დაწესებულებაში გადაასვენეს.
ისრაელმა ღამით ასევე დაბომბა ორი მთავარი საავადმყოფოს მიმდებარე კარვები ღაზის სექტორში, რის შედეგადაც დაიღუპა ორი ადამიანი, მათ შორის ადგილობრივი ჟურნალისტი. ექიმების თქმით, დაშავებულია ცხრა ადამიანი, რომელთა შორის ექვსი ჟურნალისტია.
მას შემდეგ, რაც ისრაელმა გასულ თვეს „ჰამასთან“ დროებითი ზავი დაასრულა, მან ღაზაზე თავდასხმები განაახლა და სახმელეთო ძალებით ახალი სამხედრო ზონები შექმნა.
ისრაელმა უკვე ერთ თვეზე მეტია შეაჩერა სურსათის, საწვავის, მედიკამენტებისა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება ღაზაში, მისი მიზანია, ,,ჰამასი“ დასთანხმდეს იანვარში მიღწეული ზავის პირობების შეცვლას.
ომის შედეგად ღაზაში მცხოვრებთა უმეტესობა საერთაშორისო დახმარებაზეა დამოკიდებული.
ჰუმანიტარული ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ზავის ექვსკვირიანი პერიოდის განმავლობაში შიმშილის თავიდან აცილების მიზნით მიაღწიეს გარკვეულ პროგრესს, თუმცა ახლა ეს პროცესი ნელ-ნელა უკან მიდის, რადგან ისრაელი კვლავ ბლოკავს დახმარების შეტანას ღაზაში.
ისრაელი აცხადებს, რომ სამხედრო ზეწოლას იქამდე გააგრძელებს, სანამ „ჰამასი“ არ გაათავისუფლებს ყველა მძევალს, არ დაყრის იარაღს და არ დატოვებს ტერიტორიას.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ამის შემდეგ ის აღასრულებს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გეგმას, რომელიც ღაზის მოსახლეობის დიდი ნაწილის სხვა ქვეყნებში “ნებაყოფლობით“ გადასვლას ითვალისწინებს.
პალესტინელებს არ სურთ სამშობლოს დატოვება. ადამიანის უფლებათა დამცველები ამბობენ, რომ ტრამპის გეგმის განხორციელება შესაძლოა მასობრივ გაძევებად შეფასდეს, რაც საერთაშორისო სამართლის დარღვევა იქნება.
ომი, რომელიც მე-18 თვეა მიმდინარეობს, 2023 წლის 7 ოქტომბერს დაიწყო, როდესაც „ჰამასის“ მებრძოლები ისრაელში შეიჭრნენ, დაახლოებით 1,200 ადამიანი დახოცეს და 251 მძევლად აიყვანეს. ჯგუფს ამჟამად კიდევ 59 მძევალი ჰყავს, მათგან 24 ჯერ კიდევ ცოცხალია.
ღაზაში ისრაელის საპასუხო შეტევამ, ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 50,000-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა, რომელთაგან უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან.