კატეგორიები

“ხელები შორს!” – აშშ-ის ორმოცდაათივე შტატში დემონსტრაციები გაიმართა

“ხელები შორს!” – აშშ-ის ორმოცდაათივე შტატში დემონსტრაციები გაიმართა
აშშ-ის ორმოცდაათივე შტატში შაბათს, 5 აპრილს 150-ზე მეტი ჯგუფის მიერ ორგანიზებული 1200-ზე მეტი დემონსტრაცია გაიმართა. ათასობით ადამიანი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკის გასაპროტესტებლად შეიკრიბა.

დემონსტრანტები უკმაყოფილო არიან იმ პოლიტიკით, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაცია საჯარო მოხელეების რაოდენობის შემცირების, ადამიანის უფლებების, სოციალური პროგრამებისა და ეკონომიკის მიმართულებით ატარებს.

„ხელები შორს!“ – ამ ლოზუნგით დემონსტრაციები სამოქალაქო უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა, ვეტერანებმა და სხვა აქტივისტებმა დააორგანიზეს. საპროტესტო ადგილები მოიცავდა როგორც სამთავრობო შენობებს, ისე სავაჭროს ცენტრებსა და სხვა ობიექტებს.

დემონსტრანტების თქმით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მათი ცხოვრების გართულებას ცდილობს.

„ესაა მომენტი, რომელიც უფრო მეტს მოითხოვს, ვიდრე უბრალოდ აღშფოთებას. ეს მოითხოვს ქმედებას, რადგან თავდასხმები, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ, არაა უბრალოდ პოლიტიკური. ეს პირადულია. ისინი ცდილობენ ჩვენი წიგნების აკრძალვას, ამცირებენ აივ ინფექციის პრევენციული პროგრამების დაფინანსებას, ეწევიან ჩვენი ექიმების, მასწავლებლებისა და ჩვენი ოჯახების კრიმინალიზაციას. ეს დონალდ ტრამპის ამერიკაა და მე ეს არ მინდა. ჩვენ არ გვინდა ასეთი ამერიკა. გვსურს ამერიკა, რომელიც დავიმსახურეთ და სადაც ღირსება, უსაფრთხოება და თავისუფლება გვეკუთვნის არა ზოგიერთს, არამედ ყველას“, – ამბობს კელი რობინსონი, „ადამიანის უფლებათა კამპანიის“ პრეზიდენტი.

საპროტესტო აქციების შესახებ კითხვაზე თეთრმა სახლმა განმარტა, რომ პრეზიდენტი ტრამპის პოზიცია სოციალურ პროგრამებზე ნათელია და ის ამ პროგრამებს ყოველთვის დაიცავს.

განცხადებაშივე თეთრი სახლი აღნიშნავს, რომ დემოკრატიული პარტია სოციალური უსაფრთხოების, „მედიქეარისა“ და „მედიქეიდის“ პროგრამებით სარგებლობის უფლებას უკანონო მიგრანტებსაც აძლევდა, რაც პროგრამისთვის გამოყოფილ ბიუჯეტს აკოტრებდა.

დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ პრეზიდენტისა და, ასევე, ილონ მასკის წინააღმდეგ დემონსტრაციები არაერთხელ გაიმართა.

დემოკრატმა კონგრესმენმა ელ გრინმა განაცხადა, რომ მომდევნო 30 დღის განმავლობაში კონგრესში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის წინადადებას წამოაყენებს.

Related news
მშვიდობის სურვილი და ომის მუქარა – დონალდ ტრამპის გამოსვლა კონგრესში ლიკვიდირებულია პირი, რომელმაც დონალდ ტრამპის ფლორიდას რეზიდენციაში შეაღწია
სხვა ამბები