გერმანიის ქალაქ ვაიმარში ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკიდან პატიმრების გათავისუფლების 80 წლისთავი აღნიშნეს.
ღონისძიებას ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი კრისტიან ვულფიც ესწრებოდა. სიტყვით გამოსვლისას მან რადიკალიაზიაციისა და მსოფლიოს მასშტაბით მემარჯვენეობისკენ გადახვევის საფრთხეებზე ისაუბრა. მისი თქმით, აუცილებელია, დღევანდელ საზოგადოებას უფრო მეტად ჰქონდეს პასუხისმგებლობის გრძნობა. მათ გაბედულად უნდა დაიცვან თავიანთი ფასეულობები, რათა თავიდან აიცილონ მე-19 და მე-20 საუკუნეების დემონების დაბრუნება.

ვულფმა უარყოფითად შეაფასა ის, რომ ხალხში ანტიიმიგრაციული განწყობა იზრდება და ამას მხარს უჭერს ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“. ყოფილმა პრეზიდენტმა, რომელიც ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის წევრია, დემოკრატიისა და კაცობრიობის დასაცავად საზოგადოებას აქტიური ძალისხმევისკენ მოუწოდა.
ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკი 1937 წელს შეიქმნა. ბანაკსა და მის მიმდებარედ 300 000-მდე პატიმარი იყო განთავსებული.
დაღუპულია 55000-ზე მეტი ტყვე. ნაწილი ნაცისტებმა დახოცეს, ნაწილი კი შიმშილის, ავადმყოფობისა თუ სამედიცინო ექსპერიმენტების შედეგად დაიღუპა. ბანაკში მყოფი პატიმრები 1945 წლის 11 აპრილს გაათავისუფლეს.
