აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზადაა, ახალი სატარიფო პოლიტიკის ფარგლებში სხვა ქვეყნებთან „ფენომენალური“ შეთავაზებები განიხილოს. ეს განცხადება ამერიკის 47-ე პრეზიდენტმა მას შემდეგ გააკეთა, რაც უოლ სტრიტს 2020 წლის კოვიდპანდემიის პერიოდის შემდეგ ყველაზე წამგებიანი დღე ჰქონდა.
დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებამდე მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაჟინებით ამტკიცებდნენ, რომ ახლად გამოცხადებული საპასუხო ტარიფები მოლაპარაკებას არ ექვემდებარებოდა. შედეგად, დაეცა გლობალური საფონდო ბირჟები და ამერიკულმა სარეიტინგო კომპანიამ S&P-მა 2 ტრილიონი დოლარი დაკარგა.
ტრამპმა 2 აპრილს 180-მდე სახელმწიფოს საპასუხო ტარიფები დაუწესა. „განთავისუფლების დღისა“ და „ამერიკის ეკონომიკური დამოუკიდებლობის დეკლარაციის“ შესახებ ტრამპის განცხადებებმა ინვესტორები შეაშფოთა. ისინი შიშობდნენ, რომ გლობალურმა სავაჭრო ომმა, შესაძლოა მსოფლიო 1920-იანი წლების მსგავს დიდ დეპრესიამდე მიიყვანოს.
მიუხედავად გაურკვევლობისა, დონალდ ტრამპი ამტკიცებს, რომ ეკონომიკური რყევა მხოლოდ დროებითია და საფონდო ბირჟები აყვავდება.
თეთრი სახლი ადასტურებს, რომ 10%-იანი საბაზისო ტარიფები 5 აპრილიდან დაიწყებს მოქმედებას, რაც მოლაპარაკებებისთვის დროის მხოლოდ მცირე ფანჯარას ტოვებს.