უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველ აპრილს რუსეთი აშშ-ის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის ნაწილობრივი შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა და პარტნიორებს სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა.
ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბაერბოკთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, რუსეთი დაკისრებულ ვალდებულებას არ ასრულებს და ენერგოინფრასტრუქტურაზე თავდასხმას აგრძელებს.
„მჯერა, რომ ჩვენ მივედით იმ მომენტამდე, როცა უფრო მკაცრი სანქციებია საჭირო, რადგან რუსები არღვევენ იმ დაპირებებს, რომლებიც ამერიკელებს მისცეს. ყოველ შემთხვევაში აშშ საჯაროდ ასე ამბობს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია გადამწყვეტი მოქმედებები. ჩვენი პარტნიორების მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, სიტყვები არ კმარა. სანქციები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რასაც ვაკეთებთ, რაზეც ვსაუბრობთ აშშ-სთან, ამას რუსები არ ასრულებენ და მუდმივად არღვევენ შეთანხმებას. ჩვენ ვართ ისინი, ვინც ვიტანჯებით. დღეს უკრაინა, უკრაინელი ხალხი იტანჯება. ამრიგად, ჩვენ ველოდებით სანქციებს, ყოველ შემთხვევაში სანქციების შეერთებული შტატების მხრიდან“, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
I received a report from Ukraine’s Minister of Defense regarding contacts with partners, particularly with the American side. We have shared all information regarding Russia’s violations in the energy sector — there were strikes, and today again in Kherson, a Russian drone… pic.twitter.com/Imza1kGkBT
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) April 1, 2025
მსგავსი ბრალდება უკრაინის მიმართ კრემლსაც აქვს. რუსი მაღალჩინოსნების თქმით, უკრაინელებმა იერიში მიიტანეს რუსეთში ბელგოროდისა და უკრაინაში რუსეთის მიერ კონტროლირებად ზაპოროჟიის რეგიონის ენერგეტიკულ ობიექტებზე.
ანალენა ბაერბოკთან შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პარასკევს, 4 აპრილს, უკრაინის რამდენიმე პარტნიორი ქვეყნის სამხედრო პირებთან დახურული შეხვედრა გაიმართება და განიხილება უკრაინაში ევროპული ჯარების შესაძლო განლაგების გეგმა, როგორც უსაფრთხოების გარანტია.
„ჩვენ პარასკევს შეხვედრა გვექნება. ეს იქნება რამდენიმე ქვეყნის სამხედრო გუნდების შეხვედრა, ვიწრო წრეში. განიხილება, თუ ვინაა მზად კონტინგენტის განსათავსებლად ამა თუ იმ ფორმით, რადგან არის როგორც სახმელეთო და საჰაერო ნაწილი, აგრეთვე, საზღვაო ნაწილიც. სწორედ ამაზე იქნება შეხვედრა და ეს იქნება პირველი ასეთი სიღრმისეული დისკუსია. ვფიქრობ, შევძლებთ გარკვეული დაზუსტებებისა და დეტალების გარკვევას. ეს უნდა ეფუძნებოდეს უკრაინული მხარის მიერ მომზადებულ შეთავაზებებს“, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელი ქვეყნების სამხედრო გუნდებთან გაიმართება შეხვედრა 4 აპრილს.
