ნიუ-ჯერსის სენატორი კორი ბუკერი აშშ-ის სენატის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამოდიოდა სიტყვით.
მისი სიტყვა 25 საათსა და 5 წუთს გაგრძელდა, რითაც მან გადაუსწრო სტრომ თურმონდს, რომლის სიტყვაც 24 საათისა და 18 წუთის ხანგრძლივობის იყო.
55 წლის სენატორმა ამ ქმედებით პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკა გააპროტესტა და საკუთარი წინააღმდეგობა აჩვენა. კორი ბუკერმა გამოსვლა 31 მარტს დაიწყო და პირველ აპრილს დაასრულა. სიტყვით გამოსვლის დასაწყისში მან აღნიშნა, რომ აქ იქნებოდა იქამდე, სანამ ფიზიკურად ამის საშუალება ექნებოდა.
„ვგრძნობ, რომ ტრამპი დაგვცინის. რას უნდა ნიშნავდეს მისი „განთავისუფლების დღე“ ადამიანებისთვის, რომლებსაც ვალი აქვთ? რომლებიც სამედიცინო და სტუდენტური დავალიანებებით არიან შებოჭილი და არ შეუძლიათ გაძვირებული სურსათის შეძენა? რას ნიშნავს „განთავისუფლება“ ადამიანებისთვის, რომლებიც ახლა შეშინებული და სუნთქვაშეკრული ელიან იმის გაგებას, შეწყდება თუ არა სამედიცინო დახმარების პროგრამები, რომლებზეც დამოკიდებული არიან. რას უნდა ნიშნავდეს მისი „განთავისუფლება“ ადამიანებისთვის, რომლებიც ახლა ფაქტობრივად ციხეში არიან და გაუჩინარდნენ ჩვენი ქუჩებიდან? რას ნიშნავს მისი „განთავისუფლება“ იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ სახლების ყიდვა მისი ტარიფების გამო და რომლებიც ოცნებობდნენ ახალ მანქანებზე, მაგრამ მისი ფასიც გაიზრდება“, – ამბობს სენატორი კორი ბუკერი.
მას კოლეგები „დემოკრატიული პარტიიდან” სიტყვით გამოსვლის პროცესში კითხვებს უსვამდნენ, რითაც დასვენებისა და სიტყვის გახანგრძლივების საშუალებას აძლევდნენ.
სენატში არსებული წესების თანახმად, სენატორს სიტყვით გამოსვლისას არ შეუძლია დაჯდომა ან დარბაზის დატოვება, წინააღმდეგ შემთხვევაში ის სიტყვის უფლებას კარგავს. ამრიგად, ამ დროის განმავლობაში კორი ბუკერი ფეხზე იდგა. ეს ნაბიჯი „დემოკრატიული პარტიის” მხარდამჭერებმა შეაფასეს როგორც გამძლეობისა და წინააღმდეგობის შესანიშნავი მაგალითი.
