კატეგორიები

დრონებით უწყვეტი იერიში კრემლიდან

დრონებით უწყვეტი იერიში კრემლიდან

ქალაქ ოდესის მახლობლად უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო კატარღები მუდმივად პატრულირებენ. მათი სამიზნე რუსეთის არმიის შემტევი დრონები და სხვა საშუალებებია. უკრაინის მცველებს, ფაქტობრივად, ყოველღამე განგაში აქვთ  გამოცხადებული, რადგან კრემლის საოკუპაციო არმია შავი ზღვიდან დრონებით აქტიურად უტევს ქვეყანას.

„უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, 31 მარტის ღამეს 57 ირანული წარმოების დრონი გაანადგურეს.  „შაჰიდის“ ტიპის დრონები ისევ ისე დაფრინავენ, როგორც ადრე. ხან პირდაპირ ჩვენი მიმართულებით მოფრინავენ, ხან –  სხვა ადგილისკენ. ხშირად  ჰაერში საათობით მოძრაობენ  წრიულად,  შემდეგ კი კონკრეტული მიმართულებით მიფრინავენ. როდესაც ამბობენ,  რომ ცეცხლი შეწყდა, ჩვენთვის არაფერი იცვლება. თუკი განგაშია, ბრძანება გვეძლევა, რომ ნავმისადგომიდან გავიდეთ, ანუ ერთ ადგილზე დგომა ძალიან საშიშია. რუსული დრონები და სხვა საბრძოლო საშუალებები უმიზეზოდ არ დაფრინავენ. რაც უფრო მეტის ჩამოგდებას შევძლებთ, მით უფრო ნაკლებ ზიანს მოგვაყენებენ, ან ნაკლები ადამიანი დაიღუპება ამ თავდასხმების შედეგად“, – ამბობს უკრაინის საზღვაო ძალების მეტყვიამფრქვევე იჰორი.

როგორც უკრაინელი სამხედროები ამბობენ, ბოლო პერიოდში ირანული დროებით იერიშები საკმაოდ გააქტიურებულია. გარდა ამ  შემტევი დრონებისა, ხშირია რუსული თვითმკვლელი დრონებით იერიშიც…  უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ერთ დღეში ჯამში 2223 ასეთი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს უკრაინას.

უკრაინაში ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტასთან დაკავშირებით აშშ-ის ტრამპის ადმინისტრაციის ინიციატივით  გამართული მოლაპარაკებების დროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი შავი ზღვის აკვატორიაში საომარი მოქმედებებისა და ენერგოობიექტებზე დარტყმების შეჩერება წარმოადგენდა. თუმცა რუსეთის საოკუპაციო არმია არ წყვეტს იერიშებს და ყოველდღიურად თავს ესხმის უკრაინულ მშვიდობიან ქალაქებს შემტევი დრონებით, ბალისტიკური რაკეტებითა თუ სხვა ტიპის შეიარაღებით.

Related news
უკრაინის საკითხზე ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ხელშესახები შედეგის გარეშე დასრულდა კიევში უპასუხეს რუსეთის ბრალდებებს უკრაინისთვის ბირთვული არსენალის გადაცემის შესახებ
სხვა ამბები