კატეგორიები

ბუჩის გათავისუფლებიდან სამი წლისთავზე უკრაინაში დამნაშავეების დასჯას ითხოვენ

ბუჩის გათავისუფლებიდან სამი წლისთავზე უკრაინაში დამნაშავეების დასჯას ითხოვენ
სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინამ ბუჩა გაათავისუფლა და მთელმა მსოფლიომ იხილა რუსული ომის დანაშაულების კვალი: სასტიკად ნაწამები და დახოცილი მშვიდობიანი მოქალაქეები, მასობრივი სამარხები, გატაცებული და გაუპატიურებული ქალები.

ქალაქი მალევე იქცა ომის ათასობით დანაშაულის მთავარ მტკიცებულებად.

ბუჩის გათავისუფლებიდან სამი წლისთავზე კი უკრაინელი პოლიტიკოსები და მოქალაქეები ბუჩის მემორიალთან შეიკრიბნენ.

წლევანდელი წლისთავი განსხვავებული აღმოჩნდა, რადგან ახლა უკრაინა, აშშ-ის შუამავლობით, რუსეთთან მოლაპარაკების პროცესშია და ცეცხლის შეწყვეტაზე მუშაობს. თუმცა პირობებით ბევრი უკრაინელი უკმაყოფილოა.

„ჩვენ გავიღეთ ყველაფერი, რაც გვქონდა. ახლა კი, როგორც ამბობენ, წიაღისეულიც. მოდით ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას ნავთობსა და ბუნებრივ აირზე. ამაზე სხვადასხვა დისკუსიაა და მე ნამდვილად არ მომწონს. ყველამ უნდა გაიგოს, რომ ესაა მსოფლიო, რომელიც ფაქტობრივად ჩვენთან ვალშია იმიტომ, რომ ჩვენ შევაჩერეთ ეს ჭირი, ეს ფაშიზმი იმ ადამიანების სიცოცხლის ფასად, ვინც აქაა დაკრძალული და ვინც ახლა ფრონტის ხაზს ამაგრებს. ჩვენ ისევ და ისევ გვთხოვენ კიდევ რაღაცის მიცემას, გარიგებას, ნაცვლად იმისა, რომ აგრესორზე ზეწოლა გააგრძელონ და მიუთითონ, რომ დამნაშავეა, დამნაშავეა რუსეთი. კითხვები რუსეთს უნდა დაუსვან და ზეწოლაც რუსეთზეა საჭირო, მაგრამ ზეწოლა მსხვერპლზეა, ჩვენზე. ეს ძალიან უსიამოვნო და ჩემთვის ძალიან მტკივნეულია“, – ამბობს ბუჩის მცხოვრები, ანტონინა არტამონოვა.

უკრაინის მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ მოლაპარაკებების პროცესში კიევმა უფრო მტკიცე პოზიცია უნდა დაიკავოს. მათივე აზრით, მშვიდობის მისაღწევად ბუჩაში ჩადენილი სისასტიკის შემოქმედნი უნდა დაისაჯონ.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია არა ის, რომ ყველაფერი ცარიელი ფურცლიდან დავიწყოთ ისე, თითქოს ეს ტრაგედია არასდროს მომხდარა, არამედ მნიშვნელოვანია მივაღწიოთ სამართალსა და სასჯელს – არა იმიტომ, რომ შურისმაძიებლები ვართ და შურისძიება გვსურს, არამედ სწორედ იმიტომ, რომ დაღუპულთა ნათესავებმა, რომლებმაც იციან აქ მყოფი რუსების ადგილმდებარეობა, შური არ იძიონ. იმისთვის, რათა ადამიანებს გულში სიმშვიდე ჰქონდეთ, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ“, – ამბობს ბუჩის ეკლესიის მღვდელი, ანდრიი ჰოლოვინი.

უკრაინული მხარე მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაცია მოლაპარაკებების ხელოვნურად გახანგრძლივებას მეტი უკრაინული ტერიტორიის მისატაცებლად ცდილობს.

უკრაინის მთავრობისა და სამხედრო ანალიტიკოსების აზრით, რუსული ძალები უახლოეს კვირებში ახალი შეტევისთვის ემზადებიან.

ამ საკითხებზე 31 მარტს ბუჩაში გამართულ სამიტზე იმსჯელეს.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების შესახებ ისაუბრა.

„რუსეთის ფედერაციის აგრესიასთან დაკავშირებული 183 000-ზე მეტი დანაშაული უკვე დადასტურებულია და ეს ჩვენი სახელმწიფოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მნიშვნელოვან ნაწილზე წვდომის გარეშეც – სადაც ათასობით დანაშაულია, შესაძლოა ათიათასობით და ასიათასობით დანაშაული და დანაკარგი იყოს“, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ბუჩის ტრაგედია მხოლოდ უკრაინას არ ეკუთვნის, და რომ ბუჩა შესაძლოა, სადღაც სხვაგანაც განმეორდეს.

ეს კი იმ შემთხვევაში, თუ რუსეთს ომში ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.

Related news
უკრაინის საკითხზე ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ხელშესახები შედეგის გარეშე დასრულდა კიევში უპასუხეს რუსეთის ბრალდებებს უკრაინისთვის ბირთვული არსენალის გადაცემის შესახებ
სხვა ამბები