კატეგორიები

ტრამპი პუტინსაც და ზელენსკისაც ემუქრება

ტრამპი პუტინსაც და ზელენსკისაც ემუქრება

დონალდ ტრამპი გაბრაზებულია, არ მოეწონა პუტინის სიტყვები, რომლითაც მან ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ უნდობლობა გამოხატა. უნდობლობა არახალია, უკრაინაში გაეროს მანდატით დროებითი მმართველობის დაწესების აზრი კი აშკარა სიახლე. იდეის ავტორი ვლადიმერ პუტინია, მიზანი კი ამ გზით უკრაინაში არჩევნების ჩატარება და ხელისუფლების შეცვლაა. სწორედ ამის გამოა, რომ ტრამპი მოსკოვს ნავთობზე მეორადი, 25%-იანი ტარიფების დაწესებით დაემუქრა. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ აშშ-ის პრეზიდენტი ჩათვლის, რომ შეთანხმებას ხელი სწორედ ვლადიმერ პუტინმა შეუშალა.

„მე არ ვფიქრობ, რომ ის თავის სიტყვას არ შეასრულებს. ჩვენ პუტინზე ვსაუბრობთ, მე დიდი ხანია, ვიცნობ მას. ჩვენ ყოველთვის კარგად ვეწყობოდით ერთმანეთს. თუმცა მე ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი ზოგიერთი რაღაცით, რაც ზელენსკისთან დაკავშირებით ბოლო ორი დღის მანძილზე ითქვა, ის ზელენსკის არასანდოდ მიიჩნევს. მოიაზრება, რომ მან ზელენსკისთან უნდა დადოს გარიგება, მოსწონს ის თუ არა. ასე რომ, ამით ბედნიერი არ ვიყავი. ვფიქრობ, ის კარგად იქნება, ნამდვილად არ მსურს რუსეთზე მეორადი ტარიფების დაწესება, თუმცა თუ ისინი დაწესდება, ეს მათთვის არ იქნება კარგი”,- აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

პრეზიდენტმა მიანიშნა, რომ ბრაზმა შეიძლება მალე გადაუაროს, თუ მოსკოვი სწორ ნაბიჯებს გადადგამს. ჯერჯერობით ასეც ხდება. კრემლმა ხისტ განცხადებაზე დიპლომატიური პასუხი ამჯობინა. დიმიტრი პესკოვი აჟიოტაჟის გაქარწყლებას შეეცადა და ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამ წუთას სათქმელი არაფერია.

„გაჟღერდა რამდენიმე, სხვადასხვა სახის განცხადება. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ამერიკულ მხარესთან პირველ რიგში, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მშენებლობაზე, რომელსაც უზარმაზარი ზიანი მიადგა გასული ადმინისტრაციის დროს. ასევე ვმუშაობთ უკრაინის საკითხის დარეგულირებაზე სხვადასხვა იდეის რეალიზების თვალსაზრისით. სამუშაოები მიმდინარეობს, ჯერჯერობით საწყისი ეტაპია. ჯერჯერობით რომელიმე ხაზით, რომელზე საუბარსაც შევძლებდით, კონკრეტიკა არ გვაქვს. საქმე გვაქვს, ეს დროში გაწელილი პროცესია, რომელიც რთულ სუბსტანციებს ეხება. პრეზიდენტი აბსოლუტურად  ღია რჩება პრეზიდენტ ტრამპთან კონტაქტისთვის. ასე რომ, საჭიროებებიდან გამომდინარე საუბრის ორგანიზება საკმაოდ ოპერატიულად შეთანხმდება”, – უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს დიმიტრი პესკოვმა კრემლიდან.

ტრამპი თავშეკავებული არც ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ ყოფილა. მას შემდეგ, რაც პარიზში გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა მინერალების შეთანხმებაში არასასურველ ცვლილებებზე ისაუბრა, დონალდ ტრამპი კიევს დაემუქრა, რომ დიდი პრობლემები ექნება. ზელენსკიმ „მსურველთა კოალიციის” შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ გარიგების საბოლოო ვერსიითაა დაინტერესებული, რადგან მასში დროდადრო ცვლილებები შედის. ამის გამო ვაშინგტონში ეჭვობენ, რომ კიევი შესაძლოა იშვიათი მინერალების შეთანხმებიდან გასვლას ცდილობდეს.

„ვფიქრობ, ზელენსკის გარიგება უნდა, თუმცა ცდილობს, უკან დაიხიოს იშვიათი წიაღისეულის შესახებ შეთანხმებიდან და თუ ის ამას გააკეთებს, მას პრობლემები ექნება, დიდი, დიდი პრობლემები. ჩვენ შევათანხმეთ მინერალების გარიგება და ახლა ის ამბობს, რომ სურს მისი გადახედვა. მას ნატოს წევრობა უნდა, მაგრამ ის ვერასდროს გახდება ნატოს წევრი და მას ეს ესმის. ასე რომ, თუ მას შეთანხმების გადახედვა სურს, დიდი პრობლემები ექნება“, – აღნიშნავს აშშ-ის პრეზიდენტი.

კიევს დონალდ ტრამპის ეჭვები ჯერ არ გაუფანტავს. თუმცა თეთრ სახლში ჩავარდნილი შეხვედრის შემდეგ მუდმივად იმეორებს, რომ მათი ნება ძალაშია. BBC წერს, რომ აშშ რუსული წიაღისეულებითაცაა დაინტერესებული და მათი ერთობლივი მოპოვების ირგვლივ საუბარს რუსეთთანაც იწყებს. ყოველდღიურ მიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკი ყურადღების გამახვილებას სხვა რამეზე ცდილობს. ინტენსიური დიპლომატიის პარალელურად რუსეთი გამძაფრებულ საჰაერო თავდასხმას აგრძელებს.

„რუსული თავდასხმის გეოგრაფია და სისასტიკე ყოველ დღესა და ღამეს გრძელდება. უკვე რამდენიმე კვირაა, უპირობო ცეცხლის შეწყვეტაზე აშშ-ის შეთავაზება ვნახეთ, ამას პასუხი რუსეთმა დრონებით, ბომბებით, საარტილერიო ცეცხლით, ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმით გასცა, რუსეთი იმსახურებს გაზრდილ წნეხს. ყველას სჭირდება დიპლომატიის წარმატება, პუტინის გარდა. ამიტომ ზეწოლა მასზე უნდა გაიზარდოს, დიპლომატიის წარმატებისა და ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად. ვიმედოვნებთ, რომ აშშ, ევროპა და სხვა პარტნიორები ,ვინც მშვიდობისა და გარანტიებისკენ ისწრაფვის, გამოიყენებს ყველა საჭირო ხელსაწყოს”, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

ეკონომისტი წერს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუნდს ზაფხულისთვის არჩევნების ორგანიზება დაავალა. თუმცა ამისათვის ქვეყანაში უნდა გაუქმდეს საომარი მდგომარეობა, რომელზე სამსჯელოდაც უკრაინის პარლამენტი 5 მაისს შეიკრიბება. თუმცა უკრაინაში ომი ყოველდღიურობაა. ღამით რუსული დრონი სამხედრო ჰოსპიტალს მოხვდა, ასევე სავაჭრო ცენტრს, საცხოვრებელ სახლსა და ხარკოვის სხვა შენობებს. დაღუპულია 2 ადამიანი, 30 დაჭრილია. უკრაინულ დრონებს იგერიებდნენ რუსეთშიც, თუმცა მსხვერპლი არ ყოფილა.

Related news
პაკისტანისა და ავღანეთის ძალებს შორის, საზღვრისპირა რეგიონებში შეტაკებებია „მნიშვნელოვან პროგრესი“ - დასრულდა აშშ-ირანის მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი
სხვა ამბები