აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეთი გუშინ ტოკიოში იაპონიის თავდაცვის მინისტრს გენ ნაკატანის შეხვდა.
პიტ ჰეგსეთმა დაადასტურა, რომ ვაშინგტონი გააგრძელებს ტოკიოსთან სამხედრო თანამშრომლობას და იზრუნებს იაპონიაში ამერიკული შეიარაღებული ძალების შტაბბინის განახლებაზე.
შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი აღნიშნავს, რომ განახლებული შტაბი კოორდინაციას გაუწევს იაპონიაში ამერიკულ არმიას როგორც ხმელეთზე, ისე ზღვასა და ჰაერში. აგრეთვე დაიგეგმება ერთობლივი წვრთნებიც.
„მინდა განვაცხადო, რომ თავდაცვის დეპარტამენტმა დაიწყო იაპონიაში აშშ-ის ჯარების შტაბ-ბინის გახსნაზე მუშაობა. ეს განახლება გააუმჯობესებს ჩვენს შესაძლებლობას იაპონიის სარდლობასთან ერთად სამხედრო ოპერაციების კოორდინაციაში. ეს გადაუდებელია და რეალურ დროში თანამშრომლობის მეტ შესაძლებლობას იძლევა“, – ამბობს აშშ-ის თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეთი.
პიტ ჰეგსეთმა ხაზი გაუსვა, რომ „ამერიკა პირველ ყოვლისა“ პოლიტიკა არ ნიშნავს, რომ ამერიკას იზოლაციას სურს და „ჩინეთის კომუნისტური პარტიის“ გაზრდილი აგრესიის წინაშე ვაშინგტონი იაპონიას არ დატოვებს.
„ამერიკა პირველ ყოვლისა არ გულისხმობს ამერიკის მარტო ყოფნას. ამერიკელი მეომრები იაპონელი ჯარისკაცების გვერდში ყოველდღიურად დგანან. ჩვენი სამხედრო ძალები წვრთნებს ყველა სფეროში ერთად გადიან, რათა შემაკავებელი ძალა გახდნენ. ამერიკა და იაპონია მტკიცედ დგას „ჩინეთის კომუნისტური პარტიის“ აგრესიული და იძულებითი პოლიტიკის წინააღმდეგ”, – ამბობს აშშ-ის თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეთი.
პიტ ჰეგსეთი შეხვდა იაპონიის პრემიერ-მინისტრ შიგერუ იშიბასაც, რომელიც დაეთანხმა თავდაცვის მდივნის აზრს იმის შესახებ, რომ ორივე ქვეყანამ სამხედრო შესაძლებლობები სწრაფად უნდა გაზარდოს.
პიტ ჰეგსეთი იაპონიაში ფილიპინებში ვიზიტის შემდეგ ჩავიდა. პეკინის მზარდი გავლენის პარალელურად, ეს დიპლომატიური ვიზიტები ჩინეთის შეკავებისთვის პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებას ემსახურება.