გრენლანდია დღეს საკმაოდ არაკომფორტული სტუმრობისთვის ემზადება. კუნძულზე აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი ჯეი დი ვანსი და მისი ცოლი უშა ჩავლენ. მათთან ერთად ამერიკული დელეგაციის სხვა წევრებიც იქნებიან, რომელთაც სურთ სამხედრო ბაზა მოინახულონ.
ამ არასასურველმა ვიზიტმა აშშ-სთან დიპლომატიური დაძაბულობა გამოიწვია. დანიისა და გრენლანდიის პრემიერები ამბობენ, რომ ამერიკელი მაღალჩინოსნების ვიზიტი “უკიდურესად აგრესიულია” და, რომ ისინი იქ არავის მიუწვევია, მიუხედავად დონალდ ტრამპის მტკიცებისა, რომ ამერიკელები კუნძულზე გრენლანდიელმა ხალხმა დაპატიჟა.
თავდაპირველად, გრენლანდიაში დაგეგმილი იყო აშშ-ის მეორე ლედის ვიზიტი, რომელიც ძაღლების რბოლას უნდა დასწრებოდა და კულტურული ღირსშესანიშნაობები დაეთვალიერებინა, თუმცა დანიისა და კუნძულის ოფიციალური პირების განცხადებების შემდეგ, თეთრ სახლში თქვეს, რომ ამერიკელი მაღალჩინოსნები სამხედრო ბაზის მონახულებას გეგმავენ.
მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი ხელმეორედ გახდა პრეზიდენტი, ის დაჟინებით ამბობს, რომ “გრენლანდია სჭირდება”.
ამ საკამათო ვიზიტამდე რამდენიმე საათით ადრე კი დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ გრენლანდია აშშ-ს უნდა შეუერთდეს. ამისთვის შტატების პრეზიდენტი ძალის გამოყენებასაც არ გამორიცხავს.
“ჩვენ გვჭირდება ის და უნდა მივიღოთ. ვერ ვიტან ასე, რომ ვამბობ, მაგრამ აუცილებლად უნდა მივიღოთ”,-თქვა ტრამპმა.
ხოლო კითხვაზე ფიქრობს თუ არა რომ გრენლანდიელებს აშშ-ში უნდა ცხოვრება, მან უპასუხა: “უნდა დავარწმუნოთ”.