უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესის მცხოვრებლები საუდის არაბეთში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით გამართულ მოლაპარაკებებს ეხმაურებიან. შეერთებული შტატები აცხადებს, რომ უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებთან სამდღიანი მოლაპარაკებების შედეგად შედგა შეთანხმება, რომელიც შავ ზღვაში გემთა უსაფრთხო მიმოსვლას ითვალისწინებს. 56 წლის ალა პარაშინა, რომელიც ერთ-ერთ ზოომაღაზიაში მუშაობს, იხსენებს გასულ დღეებს, როდესაც მისი სახლის სიახლოვეს გამუდმებით ისმოდა დრონების ხმა.
მისი თქმით, ისინი იმ შემთხვევაში შეასრულებენ შეთანხმების პირობებს, თუ რუსეთიც დაიცავს, რისიც არ სჯერა მას. ალას უკრაინის გამარჯვებისა და ფრონტის ხაზზე მყოფი ბიჭების იმედი აქვს, დარწმუნებულია, რომ მსოფლიოც გვერდით დაუდგებათ. მიუხედავად იმისა, როგორი მოსაზრებებია ახლა აშშ-ში, მაინც იმედოვნებს, რომ ჯერ კიდევ არიან შეგნებული ადამიანები.
54 წლის მიხაილო სტრატიიჩუკი ოდესაში ოჯახთან ერთად სამკურნალოდ ჩამოვიდა. დაბომბვის დროს შვილს იმით ამშვიდებდა, რომ ეს დრონების კი არა, ჭექა-ქუხილის ხმა იყო. უკრაინელები უკვე შეეჩვივნენ ყველაფერს და ისე აღარ ეშინიათ, როგორც ადრე. მისი თქმით, რამდენიმე ეტაპი არსებობს: უარყოფა, მიღება… მათ მეტ-ნაკლებად უკვე მიიღეს არსებული ვითარება. იგი მაინც ოპტიმისტურად არის განწყობილი, ყოველთვის საუკეთესოსი სჯერა და იმედი აქვს, რომ წელს უკრაინაში მშვიდობა დამყარდება. თუმცა როგორ ან რა დანაკარგით, ჯერ კიდევ გაურკვეველია. აშშ-მ თქვა, რომ უკრაინას რაღაცის დათმობა მოუწევს. მიხაილოს აინტერესებს, რუსეთსაც თუ მოუწევს რამის დათმობა.
სხვებსაც უკეთესი მომავლის იმედი აქვთ. მათ სჯერათ, რომ საბრძოლო მოქმედებები მალე შეწყდება.
ოდესის მცხოვრებ ევჰენია პალადის თქმით, ისინი თვალ-ყურს ადევნებენ ახალ ამბებს. მათ სჯერათ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს. აქ ახლა ყველაფერი რუსეთის გამო ხდება, დანგრეულია სახლები, დაიღუპნენ როგორც სამხედროები, ისე მშვიდობიანი მოქალაქეები, თუმცა მომავალს მაინც იმედით უყურებენ.
მიუხედავად იმისა, რომ ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმება ჯერ კიდევ შორეული პერსპექტივაა, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დადებითად შეაფასა მოლაპარაკებები და განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს 3 წელზე მეტხანს მიმდინარე ომის დასრულებას.