2023 წლის ოქტომბერში, ღაზაში გატაცებული მძევლების დაბრუნების მოთხოვნით, ისრაელის ქალაქებში უკვე რამდენიმე დღეა, მრავალათასიანი ანტისამთავრობო დემონსტრაციები მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები ასევე ეწინააღმდეგებიან ქვეყნის შიდა უსაფრთხოების ხელმძღვანელის გადაყენებასა და გენერალური პროკურორის გათავისუფლების პროცესის დაწყებას. დემონსტრანტები მიიჩნევენ, რომ ისრაელის მთავრობის ქმედებები ძირს უთხრის ქვეყნის დემოკრატიულ ღირებულებებს და მყისიერ მოქმედებებს მოითხოვენ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და მისი მთავრობის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე ერთმანეთს დემონსტრანტები და პოლიცია დაუპირისპირდნენ. აქცია მძევლების კრიზისის, შიდა უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის გადაყენებისა და გენერალური პროკურორის გათავისუფლების პროცესის დაწყების გამო გაიმართა.
მომიტინგეები იერუსალიმში ნეთანიაჰუს რეზიდენციასთან შეიკრიბნენ, აფრიალებდნენ ისრაელის დროშებს და მოითხოვდნენ ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლებას.
აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ური აში ამბობს, რომ პარლამენტს ისრაელის მთავრობა აკონტროლებს, ოპოზიცია კი საკმარისად არ მოქმედებს მის შესაჩერებლად.
„ხელისუფლება აკეთებს იმავეს, რასაც ორბანი უნგრეთში და პუტინი – რუსეთში. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ისრაელი ომშია და არ არის მშვიდობიანი ქვეყანა, როგორიც, მაგალითად, უნგრეთია“, – ამბობს დემონსტრანტი.
კრიტიკოსების შეფასებით, უსაფრთხოების ხელმძღვანელის გადაყენება და გენერალური პროკურორის გათავისუფლების პროცესის დაწყება კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს პრობლემას და გამოიწვევს საზოგადოების დაყოფას ისრაელში, მათი აზრით, ისრაელის მთავრობის მიზანი დამოუკიდებელ სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალაუფლებისა და გავლენის მოპოვებაა.
ისრაელის ქალაქებში უკვე რამდენიმე დღეა, საპროტესტო აქციები იმართება. აქციის მონაწილეები ღაზაში ომის დასრულებისა და მძევლების გათავისუფლების გარდა, ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარებასაც მოითხოვენ.