კიევში მცხოვრები უკრაინელები ეხმაურებიან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებას, რომელიც, შესაძლოა, პირველი ნაბიჯი იყოს ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარე ომის დასასრულებლად.
პრინციპში, მხარეები უკვე შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე გარკვეული შეზღუდვებით მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამ კვირაში დაპირისპირებული ქვეყნების ლიდერებს ესაუბრა, თუმცა ჯერ გაურკვეველია, როდის შევა ძალაში ეს შეთანხმება და რა სამიზნეებზე აიკრძალება თავდასხმები.
კიევის მცხოვრებ ნატალია ვოლკოტრუბს იმედი აქვს გადაწურული. მისი თქმით, 1991 წელს ბირთვული შეიარაღება მშვიდობისა და უსაფრთხოების სანაცვლოდ დათმეს, თუმცა დღეს ყველა პირობა დაირღვა.
დაპირისპირებული მხარეები შეთანხმდნენ, რომ ენერგოინფრასტრუქტურაზე აღარ მიიტანენ იერიშს. ტრამპს ახლა მოუწევს, შეასრულოს თავისი დაპირება, რომელიც ომის სწრაფად დასრულებას ითვალისწინებდა.
პენსიონერი ვოლოდიმირ ზაკუსილო ამბობს, რომ ეს მოლაპარაკებები არაფერს მოიტანს, რადგან ტრამპი მხოლოდ თავისი აუდიტორიისთვის მოქმედებს. დეტალებზე არავინ საუბრობს. მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი არ არის პატიოსანი კაცი და ბევრს იტყუება. შეიძლება, გულის სიღრმეში სურდეს კიდეც პრობლემის მოგვარება, თუმცა მის წრეში არიან ადამიანები, რომლებიც მისგან ტემპის შენელებას მოითხოვენ. 30 დღით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისთვის რომც მიეღწიათ, ამას შედეგი არ ექნებოდა, რადგან რუსები დაარღვევდნენ მას. ზაკუსილო ამბობს, რომ უკრაინელები ამ დროს გადაჯგუფებისთვის გამოიყენებდნენ, რადგან ყოველთვის მზად უნდა იყვნენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ასეთი მეზობელი ჰყავთ.
თუმცა არიან მოქალაქეები, რომლებიც ოპტიმისტურად არიან განწყობილი და ამ პროცესებს დადებითად აფასებენ.
კიევის მკვიდრ ოლენა მოროზოვას იმედი აქვს, რომ მიმდინარე მოლაპარაკებები მშვიდობას მოიტანს და პუტინი დასთანხმდება პირობებს. მისი თქმით, დროა, მსოფლიომ გაიგოს, რომ ვერავინ შეძლებს სხვა ქვეყანაში შეჭრას და ტერიტორიების ოკუპაციას, მხოლოდ იმიტომ, რომ უფრო ძლიერია და აქვს ბირთვული იარაღი. ეს მიუღებელია თანამედროვე მსოფლიოში.
ოთხშაბათს, ტრამპთან დაახლოებით ერთსაათიანი საუბრის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამ უქმეებზე საუდის არაბეთში დაგეგმილი მოლაპარაკებების დროს გადაწყდება, რა ტიპის ინფრასტრუქტურა იქნება დაცული.