აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან 20 მარტს განაცხადა, რომ მალე მოაწერენ ხელს იშვიათ მინერალებზე შეთანხმებას, რომელიც ვაშინგტონს უკრაინის იშვიათ მიწათა ელემენტებზე აძლევს წვდომას.
დონალდ ტრამპმა აგრეთვე ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ზრდის კრიტიკული მინერალების წარმოებას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ.
„რამდენიმე წუთის წინ, აგრეთვე, ხელი მოვაწერე აღმასრულებელ ბრძანებას კრიტიკული მინერალებისა და იშვიათ მიწათა ელემენტების წარმოების ზრდის შესახებ. ეს დიდი რამაა ამ ქვეყანაში და როგორც მოგეხსენებათ ჩვენ ვაფორმებთ შეთანხმებებს სხვადასხვა ადგილას იშვიათ მიწათა ელემენტებისთვისა და მინერალებისთვის, განსაკუთრებით უკრაინაში. ძალიან კარგად ვართმევთ თავს რუსეთისა და უკრაინის საკითხს. ერთ-ერთი, რასაც ვაკეთებთ, უკრაინასთან მინერალების შესახებ შეთანხმების ხელმოწერაა და რაც შეიძლება მალე. ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ჩვენ ვაფასებთ. როგორც მოგეხსენებათ, ვესაუბრეთ პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის და სიამოვნებით შევხედავთ ამ ომის დასრულებას“, – ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის ეკონომიკური კავშირების განმტკიცება და მინერალების საბადოებზე ვაშინგტონის წვდომა ხელს შეუშლის რუსეთს უკრაინაზე ხელახალ თავდასხმაში.