მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დავალებით, ჯონ კენედის მკვლელობის გასაიდუმლოებული დოკუმენტები გავრცელდა, ისტორიის მოყვარულებმა უკვე დაიწყეს ფაილების გაცნობა და ახალი მინიშნებების ძებნა.
18 მარტს, აშშ-ის ეროვნული არქივებისა და ჩანაწერების ადმინისტრაციის ვებგვერდზე დაახლოებით 2200 ფაილი გამოქვეყნდა, რომელიც 63000-ზე მეტი გვერდისგან შედგება.
ამ საქმესთან დაკავშირებით, აქამდე არქივიდან თითქმის 6 მილიონი გვერდია გასაჯაროებული, მათ შორის არის ვიდეო და ხმოვანი ჩანაწერები, ფოტოები და კიდევ უამრავი არტეფაქტი.
„დაახლოებით, 80 000 ფაილი იქნება და დამიჯერეთ, მოგიწევთ, რომ ძალიან ბევრი იკითხოთ“, – განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
აშშ-ის 35-ე პრეზიდენტი ჯონ კენედი და მისი მეუღლე ჟაკლინ კენედი 1963 წლის 22 ნოემბერს დალასში იმყოფებოდნენ საარჩევნო კამპანიის საწარმოებლად, უამრავი მოქალაქის წინაშე. სწორედ აქ მოხდა საბედისწერო შემთხვევა, როდესაც კაბრიოლეტის მარკის ავტომობილში მჯდომ კენედის ესროლეს და სასიკვდილოდ დაჭრეს.
პოლიციამ მსროლელი, 24 წლის ლი ჰარვი ოსვალდი, მალევე დააკავა. ის ერთ-ერთი შენობის მეექვსე სართულის ფანჯარასთან იყო ჩასაფრებული. ორი დღის შემდეგ კი ღამის კლუბის მფლობელმა ჯეკ რუბიმ თავად ოსვალდს საჯაროდ ესროლა და მოკლა, როცა ის ციხეში გადაჰყავდათ.
1964 წელს, უორენის კომისიამ, რომელიც პრეზიდენტმა ლინდონ ბ. ჯონსონმა დააარსა მკვლელობის გამოსაძიებლად, დაასკვნა, რომ ოსვალდი მარტო მოქმედებდა და რომ არანაირი შეთქმულება არ არსებობდა.
1990-იანი წლების დასაწყისში აშშ-ის ფედერალურმა მთავრობამ გასცა ბრძანება, რომ ჯონ კენედის მკვლელობასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ეროვნული არქივებისა და ჩანაწერების ადმინისტრაციაში, (NARA) ერთ კოლექციაში გაეერთიანებინათ. საქმის საბოლოო ფაილები თავდაპირველად 2017 წლისთვის უნდა გასაჯაროებულიყო. 2017 წელს მისი პირველი ვადის დროს ტრამპმა თქვა, რომ ყველა დარჩენილი ჩანაწერი გამოქვეყნდებოდა. თუმცა, ეს ყველაფერი ვერ მოხერხდა.