მთავარიაზიაღაზაისრაელის მიერ ღაზის სექტორზე მიტანილი ავიაიერიშის შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ისრაელის მიერ ღაზის სექტორზე მიტანილი ავიაიერიშის შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ღაზის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სამშაბათს გამთენიისას ისრაელის მიერ ღაზის სექტორზე მიტანილი ავიაიერიშის შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ისრაელმა ღაზის სექტორზე საჰაერო დარტყმების ახალი ტალღა წამოიწყო. ისრაელის სამხედროების თქმით, ისინი უტევდნენ „ჰამასის“ სამიზნეებს ამ ტერიტორიაზე. ეს ყველაზე სასტიკი იერიშებია მას შემდეგ, რაც იანვარში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შევიდა ძალაში.

ავიადარტყმებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ისრაელის ელჩმა გაეროში.

“ისრაელის საჰაერო ძალებმა ღაზაზე იერიში მიიტანეს. მათი სამიზნე  „ჰამასის“ ობიექტები იყო.  ჩვენ არ დავინდობთ ჩვენს მტრებს. მინდა, ყველას ვუთხრა,  რომ ისრაელი არ გაჩერდება, სანამ ყველა მძევალი სახლში არ დაბრუნდება. ჩვენ განვუცხადებთ უშიშროების საბჭოს, რომ თუ მათ სურთ ღაზაში ომის დასრულება, უნდა უზრუნველყონ, რომ ყველა მძავალი დაბრუნდეს ისრაელში. ამისთვის ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ”, – აცხადებს ისრაელის ელჩი გაეროში დენი დანონი.

პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით,  მან დარტყმების შესახებ ბრძანება იმიტომ გასცა, რომ არ არის პროგრესი ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით.  ამასთან, ჯერჯერობით უცნობია,  ეს მხოლოდ ერთჯერადი იყო და მისი მიზანი „ჰამასზე“ ზეწოლა იყო თუ  თითქმის 17 თვის განმავლობაში მიმდინარე ომი განახლდა.

იერიში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ამოქმედებიდან ორი თვის შემდეგ დაიწყო.  ექვსი კვირის განმავლობაში „ჰამასმა“  30-ამდე მძევალი გაათავისუფლა დაახლოებით 2000 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ.

ორი კვირის წინ დასრულდა ცეცხლის შეწყვეტის პირველი ეტაპი. თუმცა მხარეები ვერ თანხმდებიან მეორე ეტაპთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავს 60-ამდე მძევლის გათავისუფლებასა და ომის საბოლოოდ დასრულებას.

ნეთანიაჰუ იმუქრებოდა ომის განახლებით ამ თვის დასაწყისში კი „ჰამასზე“ ზეწოლის მიზნით აკრძალა საკვებისა და დახმარების შეტანა ალყაში მოქცეულ ტერიტორიაზე.

ომი 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ისრაელზე თავდასხმის შემდეგ დაიწყო. „ჰამასის“ მებრძოლებმა 1200 ადამიანი დახოცეს, 250 კი მძევლად აიყვანეს. ისრაელმა უპასუხა სამხედრო შეტევით, რომელმაც, ადგილობრივი ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 48 000-ზე მეტი პალესტინელი იმსხვერპლა და ღაზის მოსახლეობის დაახლოებით 90% იძულებით გადაადგილებულ პირად აქცია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend