წმინდა პატრიკის დღე აშშ-ის ქალაქებში ხმაურიანი აღლუმითა და ღონისძიებებით აღინიშნება.
ნიუ-იორკი მასპინძლობს ერთ-ერთ ყველაზე დიდ და უძველეს აღლუმს აშშ-ში. მანჰეტენის ცნობილ მეხუთე ავენიუზე 150,000-მდე მონაწილესა და მილიონობით მაყურებელს ელიან.
ეს დღესასწაული უკვე 264-ე წელს ითვლის. ის 1762 წლიდან იღებს სათავეს — 14 წლით ადრე, ვიდრე აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაცია დაიწერებოდა.
აღლუმი დღის მეორე ნახევარში იწყებოდა და ცენტრალური პარკის აღმოსავლეთ მხარეს, საწყისი წერტილიდან დაახლოებით 35 ბლოკის მოშორებით, სრულდებოდა.
„ფანტასტიკურია, რომ წელს წმინდა პატრიკის დღესასწაულზე აქ ვარ. ახლა ცოტა წვიმს, მაგრამ ჩვენ, ირლანდიელები, მას უბრალოდ „თხევად მზეს“ ვუწოდებთ. წელს ველოდებით მარშის 150,000 მონაწილესა და 2 მილიონამდე მაყურებელს. ასე რომ, 17 მარტი ნიუ-იორკში, მეხუთე ავენიუზე, შესანიშნავი დღეა. აქ შეიგრძნობ, რომ ირლანდიელი ხარ“, – ამბობს, აღლუმის ორგანიზატორი, დირექტორთა საბჭოს ვიცე-თავმჯდომარე რაიან ჰანლონი.
წმინდა პატრიკის დღეს აღლუმი თავდაპირველად ირლანდიის მფარველი წმინდანის პატივსაცემად ტარდებოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ისინი ირლანდიური მემკვიდრეობის გლობალურ დღესასწაულად იქცა. თავდაპირველად ამ ტრადიციას აშშ-ში მცხოვრები ირლანდიელი ემიგრანტები ავრცელებდნენ, რათა სოლიდარობა გამოეხატათ თავიანთი ხალხისთვის რთულ და წინააღმდეგობებით სავსე პერიოდში.
მასშტაბური აღლუმი ასევე გაიმართა სავანასა (ჯორჯიის შტატი) და აშშ-ის სხვა ქალაქებში.
სხვა დიდ ქალაქებში, მაგალითად, ბოსტონსა და ფილადელფიაში, აღლუმი შაბათ-კვირას მოეწყო.
