მთავარიმსოფლიო„ნუ გვექცევით უპატივცემულოდ, საკმარისია” - გრენლანდიის პრემიერი ტრამპს

„ნუ გვექცევით უპატივცემულოდ, საკმარისია” – გრენლანდიის პრემიერი ტრამპს

დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან გამართულ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ გრენლანდიის ანექსია სურს და მიანიშნა, რომ აშშ სტრატეგიული მნიშვნელობის კუნძულზე დამატებით სამხედრო ძალების გაგზავნას განიხილავს.

„ვფიქრობ, ეს მოხდება“ – თქვა ამერიკის პრეზიდენტმა პასუხად შეკითხვაზე, თუ როგორია მისი ხედვა გრენლანდიის შესაძლო ანექსიის შესახებ და დაამატა, რომ ნატოს გენერალურ მდივანს ამ საკითხში გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლია.

„ვფიქრობ, ეს მოხდება. ამაზე წინასწარ ბევრი არ მიფიქრია, მაგრამ ახლა ვზივარ კაცთან, რომელიც ამ მიმართულებით შესაძლოა ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. მარკ, თქვენ იცით, რომ გრენლანდია არა მხოლოდ ჩვენი, არამედ საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის გვჭირდება. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, უნდა განვიხილოთ ეს საკითხი თქვენთან ერთად.

მთელი ეს რეგიონი ძალიან მნიშვნელოვანი ხდება ბევრი მიზეზის გამო. როგორც იცით, იქ არის პირდაპირი მარშრუტები აზიასთან, რუსეთთან. თავდაცვა გვჭირდება, ხოლო დანია ამას ვერ ახერხებს. დანია ძალიან შორსაა და ვერაფერს შეძლებს. 200 წლის წინ იქ ნავი გაჩერდა და ამიტომ თვლიან, რომ გრენლანდია მათ ეკუთვნით. არ ვიცი, ეს რამდენად სიმართლეა. არა მგონია, სიმართლე იყოს. ეს ძალიან გვჭირდება ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ამიტომ ვფიქრობ, რომ ნატოს მოუწევს რაიმე ფორმით ჩართვა. იცით, რომ უკვე გვაქვს რამდენიმე ბაზა გრენლანდიაში და არც თუ ისე ცოტა სამხედრო გვყავს. შესაძლოა, სულ უფრო მეტი ჯარისკაცი გავგზავნოთ იქ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

თავის მხრივ, მარკ რუტემ აღნიშნა, რომ ამ დისკუსიაში სამხედრო ალიანსის ჩაბმა არ სურს, თუმცა აღიარა არქტიკის რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობა.

„გრენლანდიის აშშ-ში გაერთიანების საკითხი მსურს ჩემს მიღმა დარჩეს. არ მინდა, ნატო ამ საკითხში ჩავრთო. თუმცა, რაც შეეხება არქტიკას, ამ მხრივ აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით. ჩინელები ამ მარშრუტებს იყენებენ. ვიცით ისიც, რომ რუსები უკვე იარაღდებიან. რუსეთის გარდა შვიდი არქტიკული ქვეყნის აშშ-ის ხელმძღვანელობით ერთად მუშაობა ამ რეგიონის უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

დონალდ ტრამპის განცხადებას მალევე გამოეხმაურა გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი მუტე ეგედე, რომელიც ცოტა ხნის წინ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა. მან აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ წინააღმდეგობის გაძლიერების მიზნით პარტიების თავმჯდომარეებს შეკრებისკენ მოუწოდა.

„აშშ-ის პრეზიდენტმა ჩვენი ანექსიის იდეა კიდევ ერთხელ წამოჭრა. ამას ვერცერთ შემთხვევაში ვერ მივიღებ. პატივს ვცემ არჩევნების შედეგებს, მაგრამ ვფიქრობ, გარკვეული მოვალეობა მაკისრია. ვითხოვ პარტიების თავმჯდომარეების ყრილობას. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ტრამპის მიმართ წინააღმდეგობა. ნუ გვექცევით უპატივცემულოდ, საკმარისია!“ – წერს მუტე ეგედე საკუთარ Facebook გვერდზე.

პრემიერ-მინისტრის მსგავსად გრენლანდიის პარლამენტის ყველა მნიშვნელოვანი პარტია აცხადებს, რომ არ სურთ, მათი ტერიტორია აშშ-ის ნაწილი გახდეს.

დონალდ ტრამპის განცხადებები დაგმო იენს-ფრედერიკ ნილსენმაც, „დემოკრატიული პარტიის” ლიდერმა, რომელმაც 11 მარტს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა და სავარაუდოდ, გრენლანდიის პრემიერ-მინისტრის პოსტს დაიკავებს.

იენს-ფრედერიკ ნილსენი, „დემოკრატიული პარტიის” ლიდერი, არჩევნების შედეგებს აღნიშნავს, ნუუკი, გრენლანდია, 12 მარტი, 2025 წელი Copyright Mads Claus Rasmussen/Ritzau Scanpix via AP

აშშ-ის პრეზიდენტის გეგმებს ასევე გამოეხმაურა დანიის საგარეო მინისტრი ლარს რასმუსენი. მედიასთან საუბარში მინისტრმა განაცხადა, რომ კუნძულის ანექსირება არც ნატოს ხელშეკრულების, არც გაეროს ქარტიისა და არც საერთაშორისო სამართლის თანახმად არ არის დაშვებული.

მიუხედავად დონალდ ტრამპის იმპერიალისტური ხედვებისა, გრენლანდია დამოუკიდებლობის გზაზე რჩება. სამშაბათს გამართულ არჩევნებში 5 წამყვანი პარტიიდან 4 სწორედ დამოუკიდებლობას უჭერს მხარს.

გრენლანდიის სწრაფვამ დამოუკიდებლობისკენ რეალური სახე ჯერ კიდევ 2009 წელს მიიღო, როდესაც კოპენჰაგენმა საერთაშორისო სამართლის პრინციპების გათვალისწინებით გრენლანდიის თვითგამორკვევის უფლება აღიარა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend