უკრაინელი ჯარისკაცები მიესალმებიან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, გადაწყვეტილებას, გააგრძელოს უკრაინის სამხედრო დახმარება. მე-13 ეროვნული გვარდიის ბრიგადის, ხარტიის ჯარისკაცებს მიაჩნიათ, რომ სტრატეგიული პარტნიორის სამხედრო დახმარება რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბროლაში გადამწყვეტია.
„რაც შეეხება დახმარებას, მე მჯერა, რომ ეს უმნიშვნელოვანესი იყო, არის და იქნება, რადგან აშშ უკრაინის სტრატეგიული პარტნიორია და ასეთ პერიოდში ერთმანეთის მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია”, – ამბობს ხარტიის ბრიგადის მეთაური „მოცარტი“.
ხარტიის ბრიგადა ხარკივში 2022 წელს შეიქმნა, რომ თავი ოკუპანტებისგან დაეცვათ. ბრიგადის მეთაურის თქმით, ქალაქში მდგომარეობა სტაბილურია.
„აქ ყოველთვის ბევრი სამუშაოა. ჩვენ მტრის შევიწროებას კონტრსაარტილერიო მოქმედებებით ვახერხებთ. ფრონტის ხაზზე მდგომარეობა სტატიკურია, თუმცა ყოველდღიურად ჩვენი ჯარისკაცები წინ მიიწევენ. ყოველ დღე რამდენიმე მეტრით წინ მივიწევთ”, – ამბობს ხარტიის ბრიგადის მეთაური „მოცარტი“.
ამ კვირას აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ადმინისტრაციამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისა და დაზვერვის მიწოდება განაახლა. კიევმა კი დაადასტურა, რომ უკრაინა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის მზადაა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, განცხადებით, 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის ზავი მხარეებს საშუალებას მისცემს, „სრულიად მოამზადონ ომის დასრულების ეტაპობრივი გეგმა, მათ შორის უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები“. მხარეები ახლა მოსკოვის პასუხს ელიან.
კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია მხარებმა მოვლენებს არ გაუსწრონ. ვაშინგტონში კი ამბობენ, რომ ახლა ბურთი რუსეთის მოედანზეა და მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.